სუს-ის ექს-შეფის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გიორგი მიქაძემ (დახურული სხდომის დეტალები)
სუს-ის ექს-შეფის საქმე - გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ელისო კილაძემ და გიორგი მიქაძემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად თქვეს, რომ “რაიმე ფორმით გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობა ე.წ. ქოლ-ცენტრებთან მიმართებაში საერთოდ არ ჰქონიათ“.
უფლებადამცველის თქმით, ელისო კილაძემ უტყუარი ფაქტებით აღნიშნულ საქმეზე წარსულში დაკითხული ბრალდების ერთ-ერთი ძირითადი მოწმის, გივი ჯიბლაძის ჩვენების ანულირება მოახდინა.
„დაკითხულმა ორმა მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ რაიმე ფორმით გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობა ე.წ. ქოლ-ცენტრებთან მიმართებაში საერთოდ არ ჰქონიათ. გარდა ამისა ქალბატონი ელისო კილაძე იკითხებოდა დღევანდელ პროცესზე, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვნად და ძალიან უტყუარი ფაქტებით მოახდინა ბრალდების ერთ-ერთი ძირითადი მოწმის ჩვენების ანულირება სრულად. 2018 წლიდან, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებამდე ფიზიკურად კომუნიკაციის ნულოვანი შესაძლებლობა ჰქონდა აღნიშნულ პირს, ბრალდების ერთ-ერთ მოწმეს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან. მოწმემაც კი ვერ ისაუბრა პირდაპირ კომუნიკაციაზეც. უშუალო შემხებლობაზე ვერ დაასახელა ფაქტები, ვერ მოიტანა ვერც ჩანაწერები,ვერც მიმოწერები, სატელეფონო ზარები. ვერაფერი ვერ წარმოადგინა გარდა ზოგადი ინფორმაციისა მფარველობის შესახებ.
ქალბატონი ელისო კილაძე მხოლოდ ზოგადი ფრაზებით არ შემოფარგლულა, მან მთელი ამ წლების განმავლობაში თუ როგორ ვერ იქნებოდა[ბრალდების მოწმე] ფიზიკურად კონტაქტში, ვერც უშუალოდ და ვერც ირიბად გრიგოლ ლილუაშვილთან, სწორედ ამ დეტალებზე ისაუბრა თავის სახელების, გვარების, ადგილების მითითებით, რაც ბუნებრივია დასტურდება იმ მტკიცებულებებით, რაც დაცვის მხარეს უკვე წარმოდგენილი აქვს სასამართლოში“, - განაცხადა ადვოკატმა.
ლანა ცერცვაძე მიიჩნევს, რომ ჯიბლაძის ჩვენება გამამტყუნებელ განაჩენს არ უნდა დაედოს საფუძვლად, რადგან მას „ჯილდოს სახით“ პერსპექტივა აქვს ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.
„იმ მოწმეს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომლის ჩვენების გაბათილებაც მოახდინა ელისო კილაძემ, ფაქტობრივად ჯილდოდ საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა მის წინა სისხლის სამართლის საქმეზე. დღეის მდგომარეობით ქოლ-ცენტრების ეპიზოდზეა ბრალდებული და ათი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გარეთ მყოფის და სამომავლოდაც ბუნებრივია აქვს პერსპექტივა საპროცესო შეთანხმების გაფორმების. როდესაც პირი ბრალდებულის სტატუსის მატარებელია და მას საპროცესო შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა აქვს, ასეთი ჩვენება გამამტყუნებელ განაჩენს არ უნდა დაედოს საფუძვლად“, - განაცხადა ადვოკატმა.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:
რას ედავებიან ლილუაშვილს?
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
- პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.