დაზარალებულები ახალი თაღლითური სქემის შესახებ საუბრობენ - მხილებულია საგანმანათლებლო ცენტრი
მოქალაქეები ახალი თაღლითური სქემის შესახებ საუბრობენ - მხილებულია საგანმანათლებლო ცენტრი "ბი ემ სი სი", დაზარალებული და მოტყუებულია 100-მდე ადამიანი, ხოლო მითვისებული ათი ათასობით ლარი.
ირკვევა, რომ "ბი ემ სი სი" ნებისმიერი ასაკის ადამიანს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს სთავაზობდა.
მოქალაქეების თქმით, თაღლითური სქემა ასეთი იყო - ხელშეკრულება ოფიციალურად ფორმდებოდა, ყველა პუნქტი გაწერილი იყო, კვალიფიკაციის ამაღლების მსურველს შვეიცარიაში გამოცდილი პროფესორები სალექციო კურსს ჩაუტარებდნენ რის შემდეგაც ის შესაბამის, საერთაშორისო სერტიფიკატს მიიღებდა-ეს ყველაფერი 3000 ათასიდან 7 ათას ლარამდე ჯდებოდა, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელობა მსურველებს ფასდაკლებით იზიდავდა, ვინც თანხას მყისიერად დარიცხავდა, მას გარკვეულ შეღავათს სთავაზობდნენ. მხოლოდ ერთ თვეში ამ მეთოდით 100-მდე ადამიანი მოტყუვდა.
პედაგოგები, მარკეტერები, სოც-მედიაში დასაქმებული პირები, დიზაინერები, ფოტოგრაფები და მევენახეები -სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანი, ვინც მთელი დანაზოგი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩადო, ჰაერში აღმოჩნდა. 1 თვეა დაზარალებულებს ზარებზე აღარ პასუხობენ. ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც ოფიციალური დოკუმენტაცია გადააგზავნეს და სილაბუსები მიიღეს, საერთოდ გაუქმებულია. გაუქმებულია ყველა სოციალური გვერდი, სადაც კომპანია "ბი ემ სი სი" მომნუსხავი პროგრამებით და რეკლამებით იყო წარმოდგენილი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ "ბიემსისი" ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი მეგი საიქოძეა. "პირველებმა" მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა სატელეფონო ზარებს საიქოძემ არ უპასუხა. თაღლითობაში მხილებული ქალის მამამ "პირველებს" უთხრა რომ შვილი უცხო ქვეყანაში იმყოფება, მისი საქმიანობის შესახებ კი ოჯახმა არაფერი იცის.
სად წავიდა ხალხის ფული? - ამ კითხვით "პირველები" კომპანიის იურისტსაც დაუკავშირდა. "ბიემსისის" ყოფილმა თანამშრომელმა განგვიმარტა, რომ პასუხისმგებელი მხოლოდ გაუქმებულ კომპანიასთან იყო, რომელსაც იურიდიულ მომსახურებას დისტანციურად უწევდა.
100-მდე დაზარალებული სარჩელს საგამოძიებო უწყებაში შესატანად ამზადებს. მოტყუებული ადამიანები პროკურატურას თაღლითური ჯგუფის გამოვლენას სთხოვენ.