პატიმრების ოჯახის წევრები შალვა პაპუაშვილს პასუხობენ

04.09.26 13:23
პატიმრების ოჯახის წევრები შალვა პაპუაშვილს პასუხობენ

პატიმრების მშობლები  შალვა პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებასაც ეხმაურებიან. როგორც ისინი ამბობენ, ის, რაც მან დაწერა, ადამიანების ცემაზე და ციხეში გაშვებაზე უარესია.

  • შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პატიმრობაში მყოფი 72 პირი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდის სასჯელს, ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. პაპუაშვილის თქმით, “ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: „უსინდისობის პატიმრები“.

მათი თქმით, ადამიანები ჯგუფებად დაყვეს და ეს სწორედ “რეჟიმული ხასიათის“ გამოვლინებაა. 

არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო შალვა პაპუაშვილის პოსტს -ის, რაც მან დაწერა, უარესია ადამიანების ცემაზე და ციხეში გაშვებაზე. ეს არის რეჟიმული ხასიათი, როდესაც ადამიანები ჯგუფებად დაყვეს, - ამბობს ეკა წერეთელი.

პატიმრების მშობლები რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობენ. დღეს ისინი რაჭაში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივებს გლდანის და რუსთავის ციხეებში მყოფების გზავნილებს გადასცემენ.

როგორც ისინი ამბობენ, ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ნაწილი ვერ ახერხებს რეგიონებში ტელევიზორის ჩართვას და აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ სწორი ინფორმაცია, პატიმრების და ზოგადად პროტესტის შესახებ. ამიტომ, მათ ყველაზე სწორ გზად, საკუთარი შვილების ხმის საზოგადოებამდე მისატანად, გაზეთების დარიგება მიაჩნიათ.