დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში გამოგზავნის ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ "ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში“,- განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრმა მშობლებს მოუწოდა, მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს და მიიღონ მეტი ინფორმაცია.
ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტთან დაკავშირებითაც პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
„დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე მომზადდა და გამოცემული იქნა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტი და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა. ახლა ველოდებით კომპანიას და დარწმუნებული ვართ, უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ“,- განაცხადა სარჯველაძემ.