შსს დენის კულანინის ქვეყნიდან გაძევების პროცედურას განმარტავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დენის კულანინის მიმართ ქვეყნიდან გაძევების პროცედურასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
უწყება წერს,რომ იმ შემთხვევაში თუ დენის კულანინი ნებაყოფლობით ვადაში არ დატოვებს ქვეყანას, გაძევების ბრძანება აღსრულდება იძულებით.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დენის კულანინის მიმართ.
აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დენის კულანინის საქართველოდან გაძევების თაობაზე. მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დენის კულანინის მიმართ მიღებულ იქნა ბრძანება საქართველოდან გაძევების თაობაზე.
ზემოაღნიშნული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს დაუწესდა 7 - დღიანი ვადა საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობითი დატოვების მიზნით, მისთვის სასურველი მიმართულებით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირი ნებაყოფლობით ვადაში არ დატოვებს ქვეყანას კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაძევების ბრძანება აღსრულდება იძულებით. სასამართლო ბრძანებით, პირს დაუწესდა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 5 წლის ვადით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ - უფლებები საქართველოს ცნობით, სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ კულანინს საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა.
დენის კულანინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, მას რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანებას ედავებოდნენ და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
კულანინი იმ პირებს შორისაა, რომელიც 28 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ყაველაშვილმა შეიწყალა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 პირი, რომლებმაც მას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.