თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში გაუშვეს
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში გაუშვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშილმა რამდენიმ წუთის წინ გამოაცხადა.
მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. პროკურატურა პატიმრობის მოტივად, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებს ასახელებდა.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ასევე სასამართლოს ალტერნატივის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაოც შესთავაზა, თუმცა, მოსამართლემ მათუ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?
ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.
ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.
ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო.
- სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი. 3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.
შაკო კუჭაშვილმა "პირველებთან" თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV "იმედზე" მუშაობს.