ადვოკატის მტკიცებით, დაცვის წევრებს მიქაუტაძე ლილუშვილის კაბინეტში არც ჩანთით და არც უჩანთოდ არ უნახავთ

04.09.26 17:38
ადვოკატის მტკიცებით, დაცვის წევრებს მიქაუტაძე ლილუშვილის კაბინეტში არც ჩანთით და არც უჩანთოდ არ უნახავთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუშვილის პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე სუს-ის ექს-შეფის პირადი დაცვის ორი წევრი გამოიკითხა. 

5-საათიანი პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სუს-ის მოქმედ თანამშრომლებს გრიგოლ ლილუშავილი სასამართლოს საბრალდებო სკამიდან ისმენდა. 

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის მტკიცებით, დაცვის წევრებს რომეო მიქაუტაძე ლილუშვილის კაბინეტში არც ჩანთით და არც უჩანთოდ არ უნახავთ. 

სრულად დავკითხეთ პირადი დაცვის შემადგენლობის ყველა წევრი, მთელი თავისი მორიგეობის გათვალისწინებით,  რომელი ადამიანებიც ცალსახად აღნიშნავენ, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ პოზიციურად ვინ იყო რომეო მ მიქაუტაძე, რომ ის იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, შესაბამისად ამ ადამიანის ცნობადობა ძალიან კარგად ჰქონდათ, თუმცა აღნიშნული პირი არასდროს, არცერთ მათგანს, არცერთი მორიგეობის დროს, არ უნახავს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში მოსული, მით უფრო ჩანთით, რომლის შეტანის უფლებაც ისედაც არცერთ პირს გააჩნდა გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში. 

სწორედ იმიტომ არ გაეცვალა დაცვის მხარეს მათი გამოკითხვის ოქმები, რომ ისინი, ცალსახად მხოლოდ იმ სიმართლეს ადასტურებენ, რომელი ჩვენებებიც ბათილად აქცევს რომეო მიქაუტაძის ცრუ ჩვენებას. 

რომელ თანამშრომელთან იმყოფებოდა რომეო მიქაუტაძე, ვისთან იყო საშვი დაშვებული, ეს ინფორმაციაც კი არ გადაუმოწმებიათ სხვათა შორის, ბრალდების მხარეს თავის დროზე. ერთი კაცის ჩვენებით, ამ შემთხვევაში რომეო მიქაუტაძეს ვგულისხმობ,რომელიც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ცრუ ჩვენებაა ეს ყველაფერი, მოახდინონ პირის პასუხისგებაში მიცემა," - ამბობს ლანა ცერცვაძე.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს. 

სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს -  ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:

რას ედავებიან ლილუაშვილს?

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
  • პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით,  ბაღების შესყიდვებიდან  „ატკატებს“ იღებდა.