ცნობილია, რამდენი დაიხარჯება 7 უბანში შუალედ არჩევნების ჩატარებაზე
3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაუჯდება. თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
არჩევნები ახმეტის, დმანისის, წალკისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, სულ 7 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ამომრჩევლებმა ოთხი მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჯამში 2 201 ამომრჩეველს აქვს.
გამოყოფილი თანხის მიხედვით, არჩევნების ჩატარება ერთ უბანზე საშუალოდ დაახლოებით 159,6 ათასი ლარი, ხოლო ერთ ამომრჩეველზე 507,5 ლარი გამოდის.
ყველაზე მეტი - 996 ამომრჩეველი წალკაშია რეგისტრირებული, ვანში - 670, ახმეტაში - 279, ხოლო დმანისში - 256. ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისას ოთხ უბანზე ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატებიც იქნება გამოყენებული.
არჩევნებში ორი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“ მონაწილეობს. ვანში ერთმანეთს ვაჟა ხელაძე და ბექა კოპალაძე დაუპირისპირდებიან, წალკაში - ნანული ხინიკაძე და ზაზა შანთაძე, დმანისში კი ირაკლი სარსევანიძე და ვაჟა ნონიაშვილი. ახმეტაში კონკურენტი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან ითიურიძეს არ ჰყავს.