"მთელი გულით გამიხარდებოდა თქვენთან, საქართველოში დარჩენა" - დენის კულანინის გამოსამშვიდობებელი წერილი
"მთელი გულით გამიხარდებოდა თქვენთან, საქართველოში დარჩენა" - ამის შესახებ დენის კულანინი გამოსამშვიდობებელ წერილში წერს.
მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს დაეხმაროს.
გამარჯობა, ძვირფასებო!
მინდა გითხრათ, რომ უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ყველამ მხარი დამიჭირეთ! არ ვიცი, საბოლოოდ როგორ განვითარდება ყველაფერი ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი — მთელი გულით გამიხარდებოდა თქვენთან, საქართველოში დარჩენა.
თქვენ ყველანი შესანიშნავი ადამიანები ხართ, ისინიც, ვინც თავისუფლები ხართ და ის ჩვენიანებიც, ვინც ციხეში დარჩნენ.
არ ვიცი, გამიმართლებს თუ არა და შევძლებ აქ დარჩენას, ან თუნდაც სომხეთში წასვლა მომიწიოს, მინდა, რომ ჩემ გამო გაიხაროთ — იმის გამო, რომ თქვენს რიგებში თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი კიდევ ერთი ადამიანი გამოჩნდა.
ყველაფერს გავაკეთებდი, რაც ჩემგან იქნება საჭირო, რათა დავეხმარო ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ციხეებში არიან, და მით უმეტეს იმისთვის, რომ ისინიც რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ.
მადლობა თქვენ, ძვირფასებო!
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!
სიყვარულით, დენის კ." - წერია წერილში.
დენის კულანინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, მას რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანებას ედავებოდნენ და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
კულანინი იმ პირებს შორისაა, რომელიც 28 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ყაველაშვილმა შეიწყალა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 პირი, რომლებმაც მას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.