პროკურორის თქმით, ლილუაშვილთან შესვლისას ელექტრონული საშვი მიქაუტაძეზე არ გაიცემოდა
გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, როდესაც რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შედიოდა, მასზე საში ელექტრონულად, "განპიროვნებულად" არ გაიცემოდა.
- ცნობისთვის, სუს-ის ექს-შეფის დღევანდელ პროცესზე დაცვის თანამშრომლები დაიკითხნენ, რომელთა განცხადებითაც, რომეო მიქაუტაძე გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში არასდროს უნახავთ.
მარიამ ბერძენიშვილის თქმით, მოწმეები აქცენტირებდნენ, რომ მათი მორიგეობის დროს მიქაუტაძე სუს-ის შენობაში არ ყოფილა. პროკურორმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატით მოცემული ჩვენება მისთვის სარწმუნო არ არის.
აქცენტი ჰქონდათ იმაზე, რომ რომეო მიქაუტაძე იცოდნენ ტელევიზორიდან და ცალსახად იცოდნენ, რომ მათი მორიგეობის დროს რომეო მიქაუტაძე არ ყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. შესაბამისად ჩემთვის მსგავსი ფორმატით მოცემული ჩვენება არ არის სარწმუნო, ერთი; რაც შეეხება დაცვის ხელმძღვანელს, ასევე ვკითხე რომეო მიქაუტაძე იყო თუ არა, ამის ირგვლივ მას კითხვები დაესვა, მან განმარტა, რომ მისი მორიგეობის დროს რომეო მიქაუტაძე არ უნახავს.
ზოგადად სახელმწიფო უწყებაში როდესაც შედიხარ ელექტრონული ფორმით გაიცემა საშვი, სადაც ეთითება პიროვნების სახელი და გვარი. ამ შემთხვევაში რომეო მიქაუტაძე არ შედიოდა სტანდარტულად დადგენილი წესის შესაბამისად, ანუ ელექტრონულად, განპიროვნებულად, რომეო მიქაუტაძეზე საშვი არ გაიცემოდა," - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 23 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:
რას ედავებიან ლილუაშვილს?
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
- პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.