თბილისის მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის
თბილისის მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, საგზაო მოძრაობის სქემა ასეთი იქნება:
- მეტროსადგურ „დელისიდან“ „სითი მოლის“ მიმართულებით მოძრაობისას, მოლთან არსებულ მთავარ გზაჯვარედინზე, პირველივე შესახვევში მარცხნივ მოხვევით მოძრაობა შესაძლებელი ხდება როგორც ქავთარაძის ქუჩისკენ, ისე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით.
- მეორე შესახვევი განკუთვნილი იქნება იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოლის მიმართულებით გადაადგილდებიან.
- მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მხრიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება „სითი მოლთან“ პირველივე შესახვევში მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალებები მარცხნივ მოხვევით ყაზბეგის გამზირზე გავლენ. ამ შესახვევიდან ავტომობილები ქავთარაძის ქუჩაზე მოძრაობას ვეღარ გააგრძელებენ, თუმცა მუნიციპალური ტრანსპორტი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს ქავთარაძის ქუჩაზე მოხვედრას.
- ამასთან, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავხელიძის ქუჩიდან „სითი მოლის“ მიმართულებით ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. თითოეული მიმართულებით შენარჩუნდება ორ-ორი სამანქანო ზოლი.
- „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებულ მოედანზე ეწყობა შუქნიშნით რეგულირებული ქვეითთა გადასასვლელები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაუკავშირდა. მოედანზე საპარკინგე ადგილები შენარჩუნდება, განლაგება ახალი სქემის შესაბამისად იცვლება“
აღნიშნულთან დაკავშირებით მერია საინფორმაციო ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც დეტალურადაა განმარტებული დაგეგმილი ცვლილებები.