ნუ გაგვხდიან იძულებულს, ჩვენც გავასაჯაროოთ დეტალები - თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი

05.09.26 18:00
ნუ გაგვხდიან იძულებულს, ჩვენც გავასაჯაროოთ დეტალები - თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი

სისხლის სამართლის წესით დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი დაზარალებულად ცნობილ მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსეს, რომ დაცვის მხარეც გაავრცელებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვცემთ პასუხს, ნუ გაგვხდიან იძულებულს, ჩვენც გავასაჯაროოთ დეტალები და გავავრცელოთ სიმართლე" - ამბობს უფლებადამცველი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში. 

არცერთი ფურცელი, არცერთი გვერდი საქმის მასალებიდან დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა გასაჯაროებული. ძალიან ბევრ განცხადებას ვხედავ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირების მიერ გავრცელებულს. მე მინდა მათ მოვუწოდო, თავი შეიკაონ იმ ინფორმაციით გავრცელებისგან, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, ნუ გაავრცელებენ სიცრუეს და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში - გავხდები იძულებული, რომ გავავრცელო სიმართლე.

ცრუ ინფორმაცია ის გაავრცელეს, რომ თითქოსდა თამაზ ელიზბარაშვილი იარაღით ჩამოვიდა, თიტქოსდა დაზარალებულებს არ მიუციათ ჩვენება და თითქოსდა, დაზარალებულებს არ სურთ ელიზაბარაშვილი დასჯილიყო. საქმის მასალებში რომ ჩაიხედავს ადამიანი, ნახავს, რომ ბევრი რამ არის განსხვავებული იმისგან, რასაც ისინი ავრცელებენ, ამიტომ მოვუწოდებ ყველას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვცემთ პასუხს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ გაგვხდიან იძულებულს, კიდევ გავასაჯაროოთ დეტალები", - ამბობს ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი. 

რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?

ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.

ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო. 

  • სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი.  3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.

შაკო კუჭაშვილმა "პირველებთან" თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა,  რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV "იმედზე" მუშაობს.

საქართველოს მთავარამ პროკურატურა  მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა  - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.

უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.  

  • "თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს... [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - წერს უწყება ვიდეოს აღწერაში.