კობახიძის განკარგულების თანახმად, ყველა პირველკლასელს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ნერგი დარგოს
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა პირველკლასელს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ნერგი დარგოს და მის შემდგომ განვითარებაზე დაკვირვებაში ჩაერთოს.
მთავრობამ ახალი სახელმწიფო პროგრამა – "ჩემი პირველი ნერგი" დაამტკიცა.
31 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, პროექტის მთავარი მიზანი ახალგაზრდების ჩართულობით ტყისა და მწვანე სივრცეების გაფართოება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნიადაგის დეგრადირების პრევენცია და მოზარდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 15 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული ყველა პირველკლასელი.
პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროგრამიდან.
განკარგულების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, დასახლებულ პუნქტებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობები, სადაც დაიგეგმება გამწვანების ღონისძიებები. განისაზღვრება ნერგების სახეობები და მათი დარგვისთვის ოპტიმალური დროები.
პროგრამა გარმეოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცინიერების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინაციით განხორციელდება.