არააკრედიტირებული რუსული სკოლები საქართველოში? - ვინ და რა სტატუსით ახორციელებს სასწავლო პროცესს?
ფუნქციონირებს თუ არა საქართველოში არააკრედიტირებული რუსული სკოლები და ვინ აკონტროლებს მათ საქმიანობას? - სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა მოქმედებდეს სქემა, რომლის საშუალებითაც უცხოეთში რეგისტრირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოში შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე ახორციელებენ სასწავლო პროცესს.
ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეების განცხადებით, პრობლემა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინების შემდეგ გამწვავდა. მათი მტკიცებით, ქართულ სკოლებში არსებული რუსულენოვანი პროგრამები გაზრდილ მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს, რის გამოც თბილისში გაიხსნა უცხოეთში რეგისტრირებული სასწავლო დაწესებულებების ფილიალები თუ სასწავლო ცენტრები, რომელთა ნაწილს საქართველოში სკოლის ავტორიზაცია არ აქვს.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ არააკრედიტირებული რუსულენოვანი სკოლების შესაძლო საქმიანობა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინების პროცესს უკავშირდება და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
როცა "ქართულმა ოცნებამ" გახსნა საზღვრები რუსებისთვის და შემოიყვანა და შემოიყვანა, ბუნებრივია, პარალელურად ვხედავდით ჩვენ, რომ ეს რუსები არა მხოლოდ შემოდიოდნენ, არამედ ხსნიდნენ საკუტარ ბიზნესებს, საკუთარ მარკეტებს, საკუთარ აფთიაქებს, შემოიტანეს თავიანთი ცხოვრების წესი და არა მხოლოდ შემოიტანეს, უარი თქვეს ქართულზე და ვხედავდით მათ დამოკიდებულებებს ქართველი ხალხის მიმართ. სწორედ ეს ხდება დღესაც, რომ შემოიტანეს საკუთარი სკოლები და საერთოდ, მთლიანად უნდათ, არსებული ყაიდა შეცვალონ და მოარგონ საკუთარს და ამ ყველაფერს, სამწურხაროდ, "ქართული ოცნება" უწყობს ხელს, სხვაგვარად შეუძლებელია, ამდენი რუსი თავისუფლად შემოდიოდეს ქვეყანაში სრულიად უკონტროლოდ, - ამბობს პროტესტის მონაწილე.