"ვერც გავდივართ და ვერც შემოვდივართ" - გოგინავების ოჯახი აცხადებს, რომ მეზობელმა საერთო სარგებლობის კიბე ჩაუხერგა

06.09.26 12:23
"ვერც გავდივართ და ვერც შემოვდივართ" - გოგინავების ოჯახი აცხადებს, რომ მეზობელმა საერთო სარგებლობის კიბე ჩაუხერგა

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე პოლიცია იყო მობილიზებული - გოგინავების ოჯახი დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ მეზობელმა საერთო სარგებლობის კიბე ჩაუხერგა.

ოჯახის წევრების მტკიცებით, ერთ ეზოში მდებარე ორი სახლის მცხოვრებლები 46 წლის განმავლობაში ერთი საერთო კიბით სარგებლობდნენ, თუმცა ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც, მათი ინფორმაციით, მერიამ კიბეს წითელი ზონის სტატუსი მოუხსნა და მეორე ოჯახმა ტერიტორია საკუთრებად დაირეგისტრირა.

გოგინავების ოჯახი გადაწყვეტილებას აპროტესტებს და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, სახლიდან ვეღარც გასვლას და ვერც შესვლას ახერხებენ. 

რასაც ხედავთ, ეს არისა ერთო გასასვლელი. აგერ გვიშენებენ კედელს. დღესაც მუშები თავისი ფეხით ადგნენ და წავიდნენ, იმიტომ, რომ ჩაკეტილია. ვერც გავდივართ და ვერც შიგნით შემოვდივართ. 87 წლის ბებო მყავს სახლში, 64 წლის მამიდა მყავს სახლში, რამე რომ დასჭირდეთ, აი, როგორ უნდა გავიდე? დავურეკე მერიას, დავურეკე... ერთმანეთზე მეუბნებიან, იმათ დაურეკე, ამათ დაურეკე...

მე როგორც ვიცი, წითელი ზონის კიბე იყო, რომელიც გაუქმდა და შესყიდულია ახლა, მის საკუთრებაშია, - ამბობს ოჯახის წევრი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები "პირველებთან" კომენტარს არ აკეთებენ.  

მსგავსი სიახლეები