რუსეთში პატიმრების ექსტრადირება განახლდა - ოპოზიცია გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

06.09.26 13:30
რუსეთში პატიმრების ექსტრადირება განახლდა - ოპოზიცია გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

რუსეთში პატიმრების ექსტრადირების განახლებას ხელისუფლების ოპონენტები და უფლებადამცველები აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, რუსეთის მოქმედი რეჟიმის პირობებში საქართველოს არ აქვს გარანტია, რომ გადაცემული პირების უფლებები და სიცოცხლე დაცული იქნება. კრიტიკოსები ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის პრორუსული კურსის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებენ.

"თავისუფლების მოედნის" ლიდერი, ლაშა ცუცქირიძე პატიმრების რუსეთში ექსტრადირებას ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს კიდევ უფრო მეტად აშორებს დასავლეთს. 

საფრთხე, რასაც "ქართული ოცნება" გვაყენებს მათ შორის აი, ამ საქციელით, ეს არის ის, რომ ჩვენ აღმოვჩნდებით ყველასგან მივიწყებული, გაღარიბებული, დანგრეული, ჩამოშლილი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთი ადვილად დაეპატრონება. აი, ეს არის. მათ შორის ეს ექსტრადაციები, რომელიც ჩვენს ყველა წესს, ყველა ადათს, მათ შორის სტუმართ-მასპინძლობას არღვევს, თავშესაფრისთვის ჩამოდის, შენ ვიღაცას იქით აგდებ. არ ვიცი ამ ხალხმა სად ისწავლა ეს ყველაფერი... ეს არის ჩვეულებრივად გაგრძელება პრორუსული საქციელის და ახლა, მტერთან ასე დაყვავებით როდის ყოფილა, რომ საქართველოს გაემარჯვოს, მე არ ვიცი, - ამბობს ლაშა ცუცქირიძე. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე კი ყურადღებას ექსტრადირებული პირების უსაფრთხოებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ რუსეთში მათი უფლებებისა და სიცოცხლის დაცვის გარანტია არ არსებობს. 

იმ რეჟიმის პირობებში, რა რეჟიმიც ახლა რუსეთს მართავს დღეს, ტერორისტული ხელისუფლება, ამ ხელისუფლების პირობებში ყველანაირი ექსტრადირება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვქონდა აღებული, რომ არ გადავცემდით პატიმრებს რუსეთის ფედერაციას, როგორც არ უნდა ხდებოდეს ის, ამ პირობებში ეს არის გაუმართლებელი, ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია, განვსჭვრიოტით წინსწარ ამ ადმაიანების უფლებებიდ ა თავისუფლებები იქნება თუ არა დაცული. სიცოცხლის საფრთხეც კი შეიძლება ჰქონდეთ მათ, ეს ერთი და მეორე - განსაკუთრებით საფრთხილოა იმ ადამიანების ექსტრადირება, დევნა, როლებიც მათ შორის იდევნებიან ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის თითქოს და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ან პოლიტიკური სარჩული, - ამბობს თენგო თევზაძე.  

საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება განაახლა — ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, 2022 წელს, რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრო აცხადებდა, რომ რუსეთში პატიმრებს აღარ გადასცემდა. ბურჯანაძის ცნობით, მიდგომა მოგვიანებით შეიცვალა, ხოლო რუსეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, მხოლოდ წელს საქართველომ სამი პირის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო.