ისტორიული შენობა გადაღებეს - ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახე შეცვალეს

06.09.26 16:08
ისტორიული შენობა გადაღებეს - ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახე შეცვალეს

ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შეცვლას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე მდებარე XIX საუკუნის ისტორიული შენობა სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გადაღებეს. კრიტიკის შემდეგ, დღეს დილით, შეცვლილი ფასადი სამშენებლო ფარდით დაფარეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, საუბარია ფოსტის ძველ შენობაზე, რომლის რეაბილიტაციასაც ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებული კომპანია ახორციელებს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შეცვლაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი. მისი თქმით, კერძო მესაკუთრის მიუხედავად, შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან, ისტორიული შენობის პირვანდელი იერსახის დაცვა უზრუნველყონ.

შეიძლება ეს შენობები გასხვისდეს, მაგრამ სად არის აქ სახელმწიფო? სად არის აქ ის უწყებები, რომლებიც უნდა ვალდებულებას აკისრებდნენ ახალ ინვესტორს, მესაკუთრეს, რომ იერსახე ძეგლის, კანონით განსაზღვრული ეს ვალდებულება იყოს შენარჩუნებული რესტავრაციის პროცესში. ჩენ ხომ ვერ ვიქნებიტ დამოკიდებულნი კერძ მესაკუთრის გემოვნებაზე? დღეს აჭარის მთავრობაში კულტურის მინისტრი ხომ გვახსოვს ვინც არის? ქალბატონი ელისო ბოლქვაძე. ჩვენ გვახსოვს ქალბატონი ელისო ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტში კომიტეტს რომ ხელმძღვანელობდა კულტურისას, სიძველეები ყველა ქვეყანაში ნადგურდება და ინგრევაო. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ მინისტრებს, მოადგილეებს, ვისაც აბარია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ქვეყანაში და ნუ გვიკვირს, რომ აი, ამას გვიბედავენ, - ამბობს ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი.