ეკა კუპატაძე: ნია იმნაძის ოჯახი იმიტომ აღარ ჩანს, რომ საქმის მასალები უკვე ხელთ აქვთ, იციან, რომ წამქეზებელია
გიგა ავალიანის დედა ნია იმნაძის ოჯახის დუმილს მათ მიერ საქმის მასალების გაცნობას უკავშირებს. ეკა კუპატაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახმა საქმის მასალები ნახა, საჯარო განცხადებებს აღარ აკეთებს. კუპატაძე ამტკიცებს, რომ აღნიშნული მასალები ნია იმნაძის საქმეში წამქეზებლის როლზე მიუთითებს.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ნებისმიერი ფიგურანტის ადვოკატები და მშობლები იქამდე ყვირიან, არ ვართ დამნაშავეებიო, ვიდრე საქმის მასალებს დაიჭერენ ხელში. და მერე, როცა უკვე საქმის მასალებს ნახულობენ, ხვდებიან, თუმცაღა იხტობარს მაინც არ იტეხენ ხოლმე, მაგრამ ნია იმნაძის ოჯახი იმიტომ აღარ ჩანს, რომ საქმის მასალები უკვე ხელთ აქვთ და იციან, რომ ნია იმნაძე არის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში წამქეზებელი.
მთელი თითქოს ერთი თის მანძილზე იყო ფარული მოსასმენები სახლში და არცერთხელ არ უთქვამს ნია იმნაძეს მამისთვის და დედისთვის, აბა, თქვენ რომ გთხოვეთ, რატომ არ მომიგვარეთო ცივილური მოგვარება თუ იცოდითო. საქმე იმაშია, რომ ნია იმნაძეს დედისთვის და მამისთვის არაფერი უთქვამს, იმიტომ, რომ გიგა ავალიანი მასზე არ ძალადობდა, გიგა ავალიანი მას არ ავიწროვებდა. ნია იმნაძე მამას ეუბნება, რომ გაბაშვილი სწორედ მოიქცა, - ამბობს ეკა კუპატაძე.
მოკლული მასწავლებლის დედა ასევე ამბობს, რომ საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს, ანასტასია ბერუაშვილს ახალი ადვოკატი ჰყავს, რომელმაც მას შეხვედრა სთხოვა, თუმცა მისგან უარი მიიღო.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. მათ 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე.