TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ

07.09.26 17:00
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ

TSQ-ის მომხმარებლებს თანხის გამოტანის სანაცვლოდ დამატებით თანხის ჩარიცხვას სთხოვენ. როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.

„თუ თქვენს TSQ ანგარიშზე გაქვთ 1 000 აშშ დოლარი, მხოლოდ 200 აშშ დოლარის შეტანა დაგჭირდებათ მითითებულ ანგარიშზე და ჩვენ დაუყოვნებლივ შევავსებთ თქვენს ანგარიშს 1 000 აშშ დოლარით, რაც თქვენი ახალი ანგარიშის ჯამურ რაოდენობას 1 200 აშშ დოლარს გახდის“, - წერია შეტყობინებაში.

TSQ-ის მომხმარებლებისთვის ახალი  შეტყობინება დამატებით კითხვებს აჩენს, რამდენად რეალურია ანგარიშებზე არსებული თანხის დაბრუნების დაპირება და რა ბედი ეწევა იმ მომხმარებლების მიერ დამატებით ჩარიცხულ თანხებს, რომლებიც მოთხოვნას შეასრულებენ.

ამასთან,  შეგახსენებთ, რომ ე.წ. „საინვესტიციო პლატფორმა“ TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო.

საუბარია სქემაზე, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ათასობით მოქალაქეა ჩართული. მათ მიერ „ინვესტირებული“ თანხა შესაძლოა ათეულობით მილიონ დოლარს აჭარბებდეს. სპეციალისტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს „კლასიკური ფინანსური პირამიდაა“.