მკვლელობის შემდეგ თამაზ მთივლიშვილის გვამის დანაწევრება სურდათ - ცნობილია საქმის ოქროს მოწმის ჩვენების შინაარსი

07.09.26 20:49
მკვლელობის შემდეგ თამაზ მთივლიშვილის გვამის დანაწევრება სურდათ - ცნობილია საქმის ოქროს მოწმის ჩვენების შინაარსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ დაბადების დღეზე წამებით მოკლული 22 წლის თამაზ მთივლიშვილის საქმის განხილვა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 

დაპირისპირება პროცესზე მას შემდეგ დაიწყო, რაც გახმაურებული მკვლელობის ოქროს მოწმემ, საბა რობაქიძემ დანაშაულის დეტალები გაიხსენა. 

ვითარების დაძაბვის შემდეგ, მოსამართლემ გარდაცვლილის ოჯახის წევრები დარბაზიდან გააძევა. 

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მსჯავრდებული ახალგაზრდა სასამართლო დარბაზში ყვებოდა, რომ გიორგი პაპაშვილმა თამაზ მთივლიშვილის თავში სამზარეულოს ხის დაფა რამდენჯერმე დაარტყა. 

საბა რობაქიძის თქმით, მოკლულზე ფიზიკური ანგარიშსწორება რამდენიმე ეტაპად გრძელდებოდა - მისი მტკიცებით, მთივლიშვილმა გონება დაკარგა, ხოლო გიორგი პაპაშვილმა საკანცელარიო დანა აიღო და ამბობდა "ნერვები მეშლება და ახლავე დავასრულებო". 

სასამართლო პროცესზე მოწმემ გაიხსენა, რომ "საუბარი იყო გვამის დანაწევრებაზეც", რაც გიორგი პაპაშვილს გადააფიქრებინეს. 

რომ გეუბნებოდი ასე აღარ გააკეთოო, რატო გაიმეორეო, იმ თანხებზე უთხრა პაპაშვილმა თაზოს, რომელსაც საშაურმიდან ვიპარავდით... თაზო იჯდა ხმას არ იღებდა და გიორგი პაპაშვილმა თავში დაარტყა ხელი რამდენჯერმე. შემდეგ სამზარეულოდან აიღო ხის დაფა და ჩაარტყა. სახეში აგრძელებდა დარტყმას და აგინებდა. თაზო ხელებს იფარებდა. ამ დროს უკვე მე, ვერონიკას და სხვებს ტელეფონები ჩამორთმეული გვქონდა. საძინებელში ჰქონდა პაპაშვილს შეტანილი. ჩვენ ვცდილობდით პაპაშვილის გაჩერებას. რაღაც პერიოდის შემდეგ ნაჯახით შემოვიდა ოთახში და თაზოსკენ გაიწია, მე გადავეფარე. ამ დროს თაზო უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო ვეღარ საუბრობდა, ვცდილობდით მოგვესულიერებინა. გიორგი პაპაშვილს ვეუბნებოდით სასწრაფოში დაგვარეკინე ცოდოათქო და არაო, უარზე იყო. ხროტინებდა უკვე თაზო და საკანცელარიო დანა აიღო პაპაშვილმა, ნერვები მეშლება და ახლავე დავასრულებო. გამოართვა ეს დანა ერთ-ერთმა. საუბარი იყო გვამის დანაწევრებაზე, რაც გადავაფიქრებინეთ და შემდეგ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა," - ამბობს საბა რობაქიძე. 

მისივე თქმით, სასამართლოში ჩვენების მიცემამდე ციხეში ადვოკატი შევიდა და თავი გიორგი პაპაშვილის მეგობრად გააცნო, ეუბნებოდა, რომ სასამართლოზე ეთქვა, თითქოს თამაზ მთივლიშვილი წაიქცა და თავი დაარტყა. 

სასამართლოში ჩვენების მიცემამდე ჩემთან ციხეში შემოვიდა ადვოკატი, სახელი არ ვიცი, მითხრა გიორგი პაპაშვილის მეგობარი ვარ და სასამართლოზე უნდა თქვა, რომ მთივლიშვილი წაიქცა თავი დაარტყა და მაგიტომ გარდაიცვალაო," - აღნიშნა საბა რობაქიძემ. 

ცნობისთვის, გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად თბილისის საშაურმეებიდან ე.წ. „საერთოს“ შეგროვება სახელდება. თანამშრომლებს აიძულებდნენ, შემოსავლის ნაწილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაეხადათ. გამოძიების ვერსიით, თამაზ მთივლიშვილი სწორედ ამ ჯგუფს დაუპირისპირდა.

საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დანაშაულის შემდეგ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით ის დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ახლა ბრალდებული განსასჯელის სკამზეა და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.