თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს - რა ჩანს კადრებში
დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი რესტორან "სხვა"-ში მომხდარი ინციდენტის ვიდეო ჩანაწერს ასაჯაროებს.
უფლებადამცველი წერს, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათელია, რომ მარტო მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს გამკლავება უწევს შვიდ ,,დაზარალებულთან'
შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათელია, რომ მარტო მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს გამკლავება უწევს შვიდ ,,დაზარალებულთან'' ; ასევე დასტურდება, რომ ამ შვიდი ,,დაზარალებულიდან'' ერთ-ერთი პირი გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, ვიდეო ჩანაწერით დასტურდება, რომ სწორედ ეს პირი გახლავთ კონფლიქტის ინიციატორი, რომელიც სულ მცირე 4-ჯერ მაინც უბრუნდება ინციდენტის ადგილს და ახორციელებს თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ აგრესიას.
მჯერა, რომ საზოგადოება ზუსტ და სამართლიან შეფასებებს თავად მოახდენს,” - წერს ლექსო სვიმონიშვილი.
რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?
ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.
ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.
ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო.
- სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი. 3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.
შაკო კუჭაშვილმა "პირველებთან" თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV "იმედზე" მუშაობს.
საქართველოს მთავარამ პროკურატურა მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.
უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.
- "თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს... [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - წერს უწყება ვიდეოს აღწერაში.