კადრები, რომელიც ელიზბარაშვილის ადვოკატმა გაავრცელა, იურისტის თქმით, პროკურატურას ჰქონდა, თუმცა არ გაავრცელა
კადრები, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვილმა გაავრცელა, იურისტის თქმით, პროკურატურას ჰქონდა, თუმცა არ გაავრცელა.
უფლებადამცველის ვარაუდით, პროკურატურას არ სურდა საზოგადოებას გაეგო, რა მოხდა რეალურად - ვინ წამოიწყო კონფლიქტი და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ დაპირისპირებაში.
ლექსო სვიმონიშვილის თქმით, კადრებში კარგად ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან არ ხდება არანაირი მუქარა და არც რაიმე სახის ანგარიშსწორება.
"კადრებში ჩანს როგორ აკავებენ ე.წ. დაზარალებულს მისივე მეგობრები, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ აგრესია არ იყო თამაზ ელიზბარაშვილსიგან. პირიქით, ელიზბარაშვილის მიმართ იყო აგრესია" - ამბობს ადვოკატი.
აღნიშნული მტკიცებულებები დაცვის მხარეზე ადრე ჰქონდა ბრალდების მხარეს. რატომ არ გაასაჯაროვა ეს კადრები იმ კადრებთან ერთად, სადაც თითქოსდა თამაზ ელიზბარაშვილი ბრუნდება და ვინმეს ემუქრება, ეს უკვე მას უნდა ვკითხოთ, თუმცა ჩემი ვარაუდი ის არის, პროკურატურას არ სურდა, საზოგადოებას გაეგო, რა მოხდა რეალურად, ვინ წამოიწყო რეალურად კონფლიქტი და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ კონფლიქტიში, ასევე მათი ვინაობა _ ე.წ. დაზარალებულების. ე.წ. ვხმარობ იმიტომ, რომ კადრებში რეალურად კარგად ჩანს, რომ თვითონ ეს ადამიანები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები. თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან არ ხდება არანაირი არც მუქარა და არც რაიმე სახის ანგარიშსწორება. ეს არის პირველადი კონფლიქტი ნულ სართულზე. კადრებში ჩანს როგორ აკავებენ ე.წ. დაზარალებულს მისივე მეგობრები, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ აგრესია არ იყო თამაზ ელიზბარაშვილსიგან. პირიქით, ელიზბარაშვილის მიმართ იყო აგრესია. იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება და ა.შ.", - ამბობს ლექსო სვიმონაშვილი.
დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი რესტორან "სხვა"-ში მომხდარი ინციდენტის ვიდეო ჩანაწერს ასაჯაროებს.
კადრებში ბიზნესმენსა და "იმედის" თანამშრომლებს შორის რესტორნის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის დასაწყისი ჩანს.
პოკურატურა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ "დაემუქრა" 7 კაცს ელიზბარაშვილი, რამაც საგამოძიებო უწყების თქმით, "დაზარალებულების საფუძვლიანი შიში გამოიწვია".
რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?
ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.
ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.
ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო.
- სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი. 3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.
შაკო კუჭაშვილმა "პირველებთან" თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV "იმედზე" მუშაობს.
საქართველოს მთავარამ პროკურატურა მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.
უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.
- "თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს... [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - წერს უწყება ვიდეოს აღწერაში.