გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე სასამართლოში ეკა კუპატაძე დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე, არასრულწლოვნების: დემეტრე კასრაძისა და ირაკლი სულაბერიძის პროცესზე, დღეს, მოკლული მასწავლებლის დედა დაიკითხება.
ეკა კუპატაძე საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეა, რომელიც სასამართლოს ინფორმაციას დემეტრე კასრაძესთან დაკავშირებით მიაწვდის.
- დემეტრე კასრაძე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებული, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარია.
სულაბერიძე არის, გაგიკვირდებათ და მართლა ყველასგან განსხვავებული ფენომენი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ სრულად დაკარგული არის სივრცეში და დროში. იმ ვიდეო კადრებში, რომელშიც თვითონ არის დაფიქსირებული და ფონოსკოპიურმა და ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტიზამ დაამტკიცა იქ სულაბერიძის არსებობა, ამბობს, რომ არავის არ იცნობს იქ. ირაკლი სულაბერიძე ამბობს ასეთ რამეს, რომ ერთხელ Instagram-ზე, ვიდრე მას დააკავებდნენ, რამდენიმე დღით ადრე მივწერე და მომწერა, რომ პოლიციაში ვარ, ალექსანდრე გაბაშვილს. ამ დროს ალექსანდრე გაბაშვილი პოლიციაში რომ მივიდა, პირველივე მისვლაზე დააკავეს და რამდენიმე დღით ადრე ნახა თურმე მან.
29 სექტემბერს ალექსანდრე გაბაშვილი ანი ნასყიდაშვილს რომ წერს - მეშინია არ შემომაკვდეს - ბავშვს ეშინოდა თურმე. ახლა მე გეტყვით, იქვე იმასაც წერს "თესლი" რომ მყავდეს სახელმწიფოში მოვკლავდიო, ეს როცა 30 სექტემბერი თენდება და როცა 30 სექტემბერი ღამდება, პირველ ოქტომბერს მოკლეს გიგა, ჩემი ფანჯრის წინ, 10-ს რომ უკლია 11 წუთი ChatGPT-ს ეკითხება - 30 000 ვოლტი საკმარისია, რომ მოკლას? - ანუ ის მიზანმიმართულად მოსაკლავად არის გიგასთან მოსული. სწორედ ეს იცის ნია იმნაძემ და სწორედ იმიტომ ეუბნება მამას, რომ ასე უნდა მოქცეულიყო," - განაცხადა ეკა კუპატაძემ.
საქმის პროკურორის, ქეთი სონაძის თქმით, დღეს ასევე დაიკითხება ბრალდებულების მეგობარი გოგო ნია მიკუჩაძეც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განიხილება ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის - ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის მიმართ საქმე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დასაკითხად იქნებიან ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოწმე, ეკა კუპატაძე და მოწმე ნია მიკუჩაძე.
ეკა კუპატაძე მოგვაწვდის ინფორმაციას კონკრეტულად დემეტრე კასრაძესთან დაკავშირებით. აღნიშნული პირი არის მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარი, რომელსაც ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანზე განხორციელებული ძალადობის ვიდეო გადაუგზავნა, ხოლო დემეტრე კასრაძე განიხილავდა ამ ვიდეოს და უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდა გიგა ავალიანს, რაც მათსავე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია.
გიგა ავალიანი მოგვიანებით გარდაიცვალა, ძალადობა მოხდა პირველ ოქტომბერს, გარდაიცვალა 24 ოქტომბერს, ხოლო დემეტრე კასრაძეს უფრო ადრე პერიოდშიო აქვს ნანახი," - ამბობს ქეთი სონაძე.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები მძიმე ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.
ირაკლი სულაბერიძეს და დემეტრე კასრაძეს ხელბორკილები 27 მაისს დაადეს.
- გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
- ასევე, საქმის მასალების მიხედვით, იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.