ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი საქმე - პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს
გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილი საქმის პროკურორი, ქეთი სონაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, არასრულწლოვნების: დემეტრე კასრაძისა და ირაკლი სულაბერიძის პროცესი გაიმართა.
პროკურორის თქმით, დემეტრე კასრაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და არ აღიარებს როგორც დიღმის ძალადობებში მონაწილეობას, ასევე გიგა ავალიანთან დაკავშირებით რაიმე შემხებლობას.
დადგინდა, რომ დემეტრე კასრაძე ნამდვილად ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანის თავდასხმასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა ალექსანდრე გაბაშვილმა მას პირადად ჩაუგდო გიგა ავალიანზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რასაც მოჰყვა შემდგომ დემეტრე კასრაძის უცენზურო შეფასება და ის შეურაცხმყოფელი ტექსტი, რომელიც გაასაჯაროვა დაზარალებულის უფლებამონაცვლემ პროცესის დაწყებამდე.
რატომ არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებით, ამის შესახებ მას პასუხი არ აქვს, ის იყენებს ამ ეტაპზეც დუმილის უფლებას და არ აღიარებს როგორც დიღმის ძალადობებში მონაწილეობას, ასევე არ აღიარებს არც გიგა ავალიანთან დაკავშირებით რაიმე შემხებლობას.
გამორიცხული არაფერია. რაც შეეხება სხვა პირებს, არიან გამოკვეთილი სხვა პირები, ნია იმნაძის ოჯახთან დაახლოებული პირები, რომლებსაც შესაძლებელია ჰქონდეთ გარკვეული ინფორმაცია ნია იმნაძის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით და მათ შორის, გიორგი მალანიას მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით და შესაძლოა გამოიკითხონ," - ამბობს ქეთი სონაძე.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ძალადობაში მონაწილე სკოლის მოსწავლეები მძიმე ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს მობილურ ტელეფონებში ინახავდნენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.
ირაკლი სულაბერიძეს და დემეტრე კასრაძეს ხელბორკილები 27 მაისს დაადეს.
- გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
- ასევე, საქმის მასალების მიხედვით, იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.