რუსეთის მხარეს უკრაინაში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი იბრძვის
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს. РИА Новости-ის ინფორმაციით, დანაყოფს დახმარება ქართველმა ბესიკ დანელიამ და ე.წ. ქართველმა ვოლონტიორებმა ჩაუტანეს - მათ სამხედროებს მოტოციკლები და „სამლოცველო ოთახები“ გადასცეს.
ჩამოვედით დონეცკის რესპუბლიკაში ჩვენს ძმებთან, რომლებიც წინა ხაზზე იცავენ სამშობლოს. მებრძოლებს მოვუტანეთ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც, ვფიქრობთ, რომ დაეხმარებათ, - თქვა დანელიამ რუსულ მედიასთან საუბარში.
დანელია წარსულში ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველოს“ წევრი იყო. ის მონაწილეობდა თეა წულუკიანის საპარლამენტო კომისიის გამოკითხვებშიც და სტუმრობდა მამუკა ფიფიას პარტიასთან დაკავშირებულ მედიას, სადაც „ქართული ოცნების“ რიტორიკას იმეორებდა სეპარატისტული რეგიონების მიმართ ბოდიშის მოხდის საკითხზე.
ოკუპირებული დონეცკის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა ანდრეი კრამარმა დანელიასა და მასთან ერთად ჩასულ პირებს „ქართული დელეგაცია“ უწოდა.
"დღეს დონბასისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს დონბასის გათავისუფლების დღეა. ჩვენთან ჩამოვიდა ქართული დელეგაცია, რომელმაც მოიტანა ჰუმანიტარული დახმარება. ისინი ამას ღიად აკეთებენ. ამაყობენ იმით, რომ მხარს უჭერენ და აირჩიეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მხარე, - თქვა ოკუპირებული დონეცკის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა, ანდრეი კრამარმა.
მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის შექმნის შესახებ ინფორმაცია პირველად 2026 წლის იანვარში გავრცელდა. რუსული წყაროების თანახმად, ის ეთნიკური ქართველებითაა დაკომპლექტებული. ბესიკ დანელიას ვიზიტის ამსახველ მასალებში დანაყოფის დროშაც ჩანს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემაც შექმნა რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“.