სამთავრობო უწყება "ოცნების" დეპუტატის მდგმური ხდება და ახალ ოფისში ძვირადღირებული ავეჯი მიაქვს

09.09.26 15:26
სამთავრობო უწყება "ოცნების" დეპუტატის მდგმური ხდება და ახალ ოფისში ძვირადღირებული ავეჯი მიაქვს

პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსთვის - სამთავრობო უწყება ოცნების დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის მდგმური ხდება და ახალ ოფისში ძვირადღირებული ავეჯი მიაქვს.

ჩინოვნიკების კაბინეტებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მომდევნო 3 წელი ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შენობაში იმუშავებს.

ფართი, სადაც წესით უწყება 25 სექტემბერს უნდა გადავიდეს, რემონტი ჯერ დასრულებული არ არის. "პირველების" გდამღებმა ჯგუფმა დღეს ადგილზე სარემონტო სამუშაოები გადაიღო. 

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შენობის მესამე და მეოთხე სართულზე განთავსდება. აღნიშნული ფართის მფლობელი "ველ ჰაუს დეველოპმენტია".

"ველ ჰაუს დეველოპმენტი" "გლობალ ფარმის" შვილობილი კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ ზემოთ ხსენებული "ოცნების" დეპუტატი ანტონ ობოლაშვილია.  

რაც შეეხება ავეჯს, ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ოფისის მოსაწყობად ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან და ერთ მაგიდაში 9680 ლარს იხდის. 4080 ლარს იხდის კარადაში და ასეთ სამ კარადას ყიდულობს. ასევე დოკუმენტების თანახმად, ერთ გორგოლაჭიან სკამში უწყება 4230 ლარს იხდის და ეს მხოლოდ ავეჯის მცირე ჩამონათვალია. 

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი, ლევან რაზმაძე ირწმუნება, რომ იტალიურ პროდუქციას თურქულის ფასში ყიდულობენ და სწორედ ამიტომ შეაჩერეს მასზე არჩევანი. 

"შეგვეძლო ჩინური ჩამოგვეტანა, მაგრამ  დრო არ გვყოფნის, დროულად უნდა გადავიდეთ" - ამბობს ლევან რაზმაძე.

ფასით შევაჩერეთ არჩევანი (ობოლაშვილის კომპანიაზე) და მომსახურების საუკეთესო ვარიანტით. რაც შეეხება იტალიურ ავეჯს, ეს არის დაბალფასიანი სეგმენტი, რომელიც თურქულის ფასში იყო. ბაზრის კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ იტალიური პროდუქცია იყო იგივე ფასის, რაც თურქული და ამ ნაწილში გადაწყვეტილება მივიღეთ. მეორე ის, რომ შეგვეძლო ჩინური ჩამოგვეტანა, მაგრამ  დრო არ გვყოფნის, დროულად უნდა გადავიდეთ ამ ოფისში. არ გვაქვს ფართი", - ამბობს ლევან რაზმაძე.

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი და კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე ავეჯში გადახდილ კოლოსალურ თანხებზე მიუთითებს და ამბობს, რომ ის თანამდებობის პირი, რომელიც 4230 ლარიან სკამში ჩაჯდება, თანამდებობიდან აუცილებლად უნდა გადადგეს. 

არ შეიძლება სახელმწიფო თანამდებობის პირი მის სკამში იხდიდეს ერთი პენსიონერის ერთი წლის პენსიის თანხას. მაგიდაში იხდიდეს ორი წლის პენსიის თანხას, ეს უკვე ამორალურია. ეს აღარ არის ფულის არარაციონალური ხარჯვა, ეს არის დანაშაული. ის ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შესყიდვაზე, ის ადამიანი, რომელიც ამ სკამში უნდა ჩაჯდეს, თანამდებობა უბრალოდ უნდა დატოვოს.

მეორე საკითხია, რომელ შენობაში გადადიან, ისევ ქართული ოცნების დეპუტატმა უნდა მიიღოს ისევ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემოსავლები, იმიტომ, რომ ასე მოუნდა კობახიძეს. შექმნა სახელმწიფო ორგანო, რომელიც თავიდანვე თქვა, რომ არანაირი დამატებითი ხარჯი ბიუჯეტიდან არ გვექნება და აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტიდან არ გვექნება კი არა  ისეთი ხარჯია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ისტორიაში, ეს არის ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელმაც 4230 ლარიანი სკამი შეიძინა. ეს რომ დარჩეს რეაგირებსი გარეშე, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია", - ამბობს ბესო დონაძე. 

მსგავსი სიახლეები