უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ხსნიან, რა მიზანს ემსახურება რუსეთის დასახმარებლად შექმნილი ახალი ბატალიონები
უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები ფიქრობენ, რომ რუსეთის დასახმარებლად შექმნილი ახალი ბატალიონები გამიზნული ქმედებაა და საქართველოს დისკრედიტაციას ემსახურება.
უკრაინაში ქართული ბატალიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რუსეთს სურს, საქართველო სანქცირებულთა სიაში მოხვდეს და დამნაშავის სტატუსი ჰქონედს.
მამულაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ასევე საკუთარი პოზიცია საპატრიარქომაც დააფიქსიროს.
ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია. ეკლესიამ არ უნდა მისცეს ამის უფლება, რომ გამოიყენონ ოკუპაციური ჯარის სახელად, რაღაც ნაწილის ან დანაყოფის სახელად, გამოიყენონ ქართული წმინდანის სახელი. გასაგებია, ეს ყველაფერი გათვლილია საქართველოს დისკრედიტაციისთვის. გათვლილია იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან ერთად მოხვდეს სანქცირებულ სიაში. ისედაც, ბოლო პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე და ევროპელი პოლიტიკოსების აქტიურობიდან გამომდინარე, რუსეთი ძალიან ცდილობს, რომ საქართველო გახდეს რუსეთის თანამონაწილე და დამნაშავე. პრინციპი გასაგებია და მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო დიდი გამოხმაურება ექნება ამას რუსულ მედიაში, - ამბობს მამულაშვილი.
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი გიორგი ხეთაგური პირდაპირ ამბობს, რომ ეს, გარკვეულწილად, იმის შედეგიცაა, რომ საქართველოს, მისი თქმით, პრორუსული მთავრობა მართავს.
პრორუსული მთავრობა გვყავს და მეტი წილი მოღალატეა და მაგიტომ აკეთებენ ამას. ახლა კი არა, ეს დიდი ხანია უკვე დაგეგმილია. რაც გინდა ბატალიონი შექმნას, ფარცხალაძე იქნება თუ ვინც იქნება, ვერაფერს მიზანს ვერ მიაღწევს. მხოლოდ საქართველოში უნდა გაგზავნონ კუბოები და ეგ იქნება, - ამბობს გიორგი ხეთაგური.
ლაშა ჭიღლაძე კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ჰიბრიდული ომის ნაწილია.
აჩვევენ ხალხს, ჯერ გეორგიევსკის ტრაქტატი ორიო, მაგაზე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და მან გააკეთა განცხადებები, ვიღაცას ხომ არ მოუგონია? ეს უკვე მიზანმიმართული, ჰიბრიდული ომია ზუსტად. აჩვენენ ყურს, "ომი იქნება ჩვენ თუ არ ვიქნებით, ომი იქნებაო"... არაფერი ომი არ იქნება, - ამბობს ლაშა ჭიღლაძე.
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემაც რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფი „გეორგიევსკი“ შექმნა.
ასევე ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი მონაწილეობს. РИА Новости-ის ინფორმაციით, დანაყოფს დახმარება ქართველმა ბესიკ დანელიამ და ე.წ. ქართველმა ვოლონტიორებმა ჩაუტანეს - მათ სამხედროებს მოტოციკლები და „სამლოცველო ოთახები“ გადასცეს.