საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2.7%-ით, ტურიზმიდან შემოსავლები კი 2%-ით შემცირდა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა. სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, იანვარ-ივნისში ქვეყანას 2 მილიონ 734.5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით ნაკლებია. 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 2 მილიონ 810.5 ათასს შეადგენდა.
ამავე პერიოდში უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მცირედით - 0.1%-ით გაიზარდა და 2 მილიონ 273 ათასი შეადგინა.
შემცირებულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. წლის პირველ ექვს თვეში ტურიზმიდან ქვეყანამ 1 მილიარდ 931.7 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 39.3 მილიონი დოლარით, ანუ 2%-ით ნაკლებია.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.