ორ ირაკლის შორის დაპირისპირებაში ექსპერტი რუსულ კვალს ხედავს
"ოცნება" ყველაზე სუსტია მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ" - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარმა, გიორგი ბილანიშვილმა TV პირველის გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.
მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" გუნდში მიმდინარე მოვლენები ბიძინა ივანიშვილის კარზე არსებული დაპირისპირება არ არის.
გიორგი ბილანიშვილი თვლის, რომ წარმოუდგენელია ღარიბაშვილი-კობახიძის დაპირისპირებას რუსეთი გულხელდაკრეფილი უყურებდეს. მისივე თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოში რუსეთის პოზიციები საგრძნობლად გაიზარდა.
ჩემი ეს პოსტი ნამდვილად ეხებოდა ჩემ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ "ოცნება" ყველაზე სუსტია მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რაღაც არგუმენტები მომყავდა. მე მთლიანად ვერ შევხედავ ამას, ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესი, მაგრამ მე არ ვხედავ ისე, რომ რაღაც ხდება ბიძინა ივანიშვილის კარზე მხოლოდ და მხოლოდ, ეს არის პირობითად ღარიბაშვილი-კობახიძის დაპირისპირება და როგორც ივანიშვილი ახერხებდა აქამდე, ასე ვთქვათ, საკმაოდ ეფექტიანად მართვას ამ პროცესების, ჩვენ რას ვხედავთ - რაც "ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში მოსული, ბიძინა ივანიშვილი და "ოცნება" ახერხებენ მართვას, ისინი არიან ტონის მიმცემი. პირდაპირ გეტყვით, რომ არ მომწონს, არ მომწონს კიდევ რბილად ნათქვამია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ისინი აქამდე საკმაოდ ეფექტურად მართავდნენ პროცესებს.
ამ მოცემულ მომენტში მე არ ვხედავ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე არსებული დაპირისპირება და ამ დაპირისპირებას რუსეთი გულხელდაკრეფილი უყურებს, უბრალოდ ეს წარმოუდგენელია რამდენიმე ფაქტორის გამო - ჯერ ერთი, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში რუსეთის პოზიციები მეტ-ნაკლებად ძლიერი ყოველთვის იყო, მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული, მე მგონია, რომ საგრძნობლად გაძლიერდა. რუსეთის ინტერესი, რომ ეს ქვეყანა იყოს მისი გავლენის ქვეშ და მართოს აქ სიტუაცია, ჩემში ეჭვს არ იწვევს," - ამბობს გიორგი ბილანიშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მისი წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს "შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე დაშვებული" უწოდა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კი "სასაცილო და ტრაგიკული".