"ოთარ ფარცხალაძე ცდილობს რომ თავი გადაირჩინოს" - ლაშა თორდია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფის შექმნას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ამ ფორმით თავის გადარჩენას ცდილობს.
მისი თქმით, სასახილოა, როდესაც ადამიანი, რომელიც ბუნკერის მსგავს სახლში ცხოვრობდა და რამდენიმე ათეული დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა, უკრაინის წინააღმდეგ ომში მიდის.
ლაშა თორდიას განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე კონკრეტულ ადამიანებს მეიჯს უგზავნის, რომ ის რიგითი რუსი ბიზნესმენი აღარ არის, არამედ რუსეთის სახელმწიფოს ნაწილია და "მასზე ზემოქმედება გულისხმობს, რომ ისინი დაუპირისპირდებიან სახელმწიფოს".
ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძემ ძირითადი თანხები საქართველოში მოიპარა, ახლა კი ამ ფულს "რუსეთში ახარჯინებენ ამ ფორმით".
შეგვიძლია ორი კუთხით შევხედოთ გუშინ და გუშინწინ განვითარებულ ამ მასკარადს, მე სხვა ვერაფერს ვერ ვუწოდებდი. პირველად რომ ვნახე ოთარ ფარცხალაძის სურათი ძალიან ბევრი ვიცინე იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ეს ადამიანი ამ ქმედებით ცდილობს რომ თავი გადაირჩინოს, მეტი არაფერი და ახლა უკვე ამ ატრიბუტიკით, ირგვლივ რაც ვნახეთ, კარავში ჯდომა სამხედრო ფორმით, სამხედრო ყუთთან ერთად ადამიანი, რომელიც თბილისში ლამის მეორე პირი იყო გავლენებით, თბილისშივე ბუნკერის მსგავს სახლში ცხოვრობდა და გადაადგილდებოდა რამდენიმე ათეული დაცვის თანხლებით, ეს ადამიანი რომ მიდის უკრაინის წინააღმდეგ ომში და ქმნის რაიმე დანაყოფს, ძალიან სასაცილოა ჩემთვის. ეს ქმედება მან განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ თავის გადარჩენის მიზნით. ის ცდილობს, რომ გზავნილი გაუკეთოს კონკრეტულ ადამიანებს იმისათვის, რომ უთხრას, ის აღარ არის რიგითი რუსი ბიზნესმენი, არამედ არის სახელმწიფოს ნაწილი, არის პოლიტიკაში ჩართული პირი და მასზე ზემოქმედება გულისხმობს და ექვივალენტურია, რომ ისინი დაუპირისპირდებიან სახელმწიფოს. ეს არის, ჩემი აზრით, მისი მხრიდან თვითგადარჩენის მიმართულებით ბოლო მცდელობა და ერთ-ერთი მცდელობა. მას ეს შეეძლო განეხორციელებინა "რუსული ძალების მხარდაჭერა" ჩუმად, თავისი ფინანსებით, რომელიც საქართველოში მოიპოვა, ნაძარცვით, თუმცა მან ეს ამ ფორმით გააკეთა, რა ფორმითაც ვიხილეთ...
ვინმე ბანდიტი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც საქართველოდან ჩავიდა მოსკოვში, აქტიურობს და ქმნის სამხედრო შენაერთს, ცოტა არასერიოზულია ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, მან ძირითადი თანხები მოიპარა საქართველოში და ახლა მას ამ ფულს რუსეთში ახარჯინებენ ამ ფორმით... დასცინიან და იყენებენ," - ამბობს ლაშა თორდია.
აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა.
- ლაშა თორდიამ 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს.
- თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო.