წერილი დაპატიმრებულ მაღალჩინოსნებს - თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს კითხვები ღარიბაშვილ-ლილუაშვილთან აქვთ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დაპატიმრებულ მაღალჩინოსნებს ციხეში წერილებს უგზავნის. რამდენიმე წლის წინ, საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი პროგრამისტი ქალის ნათესავებს კითხვები ირაკლი ღარიბაშვილთან და გრიგოლ ლილუაშვილთან აქვს. ერთი წლები პრემიერი იყო, მეორეს - უსაფრთხოების სამსახური ებარა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედ-მამას აქვთ ეჭვი, რომ ღარიბაშვილიც და ლილუაშვილის ამ საქმის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.
თუ კაცობა შერჩენია გამოვიდეს თქვას სიმართლე! ჩემი შვილი იძახდა, ჩვენ სამსახურს სუსის უფროსი ლილუაშვილი კურირებს და შს მინისტრი გომელაურიო. ვფიქრობ, სუს-ის ყოფილი უფროსმა ყველაფერი იცის. სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, რამიშვილს [ბაჩალიაშვილების ადვოკატი] არ უთხრა, რომ "ფლეშკას" მე თვითონ ვაწვდიდიო? 9 წელი ჰქონდა ამ პიროვნებას მისჯილი, 7 წელი უცებ მოუხსნეს და ციხიდან გაუშვეს. ახლა სადღაც საზღვარგარეთაა.
ყველაფერი აშკარად ჩანს, ჩემი შვილი მოკლეს. თუ ამ საქმეს არ იძიებენ, გამოდის, რომ ამ საქმის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას"- განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა "პირველებთან".
გარდაცვლილი პროგრამისტის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილის მიწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ციხიდან გამოგზავნილ რიგით მეხუთე წერილში "თვითმკვლელობებად შეფუთულ მკვლელობებზე" ისაუბრა.
მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან თვითონ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ მკვლელობების შენიღბვა ხდება თვითმკვლელობებად. ჩემთვის ირიბი მინიშნება მოხდა, რომ თამარი იყო პირველი, რომლის მკვლელობაც შენიღბეს თვითმკვლელობად. ამიტომ მივმართავ მას, მიუხედავად ყველაფრისა, სულის გადარჩენაზე მაინც იფიქროს და რაც იცის ამ დანაშაულის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ იცის, აღიაროს და სული გადაირჩინოს” - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „ტვ პირველთან” საუბრისას.
ბაჩალიაშვილები დღემდე ითხოვენ ამ საქმის ხელახალ გამოძიებას და შესაძლო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, მაგრამ უშედეგოდ.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის ხელახალი გამოძიება სამი კვირის წინ მოითხოვა. შესაბამისი განცხადება გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ პროკურატურაში შეიტანა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.