ნია იმნაძე გაწირეს - ადვოკატი
მოკლული მასწავლებლის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი იმართება.
დღეს სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევაზე უნდა იმსჯელონ.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა, ნია იმნაძის ადვოკატმა - გიორგი ლეკიშვილი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს.
"ნია იმნაძე გაწირულია" - ამბობს უფლებადამცველი.
მტკიცებულებებში თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ მინაწერს ირიბს, თუ პირდაპირს, რაც მაგალითად იქნებოდა დაკავშირებული - ჩაარტყი, მოკალი, ან მითითებას მისცემდა, ან დაიყოლიებდა ამ კონკრეტული ქმედებისკენ - ზუსტად ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ბრალდების მხარე ვერ პასუხობს ვერცერთ კონტექსტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, რა კონკრეტულ ქმედებაში გამოიხატა.
ნათლად დგინდება, თუ რა იყო ნია იმნაძის გასაჭირი - ნია იმნაძემ რა უთხრა და როგორ უთხრა, ამასთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს. უსაფუძვლოდ არის დაკავებული ნია იმნაძე. არაფერი მტკიცებულება არ არსებობს. ნია იმნაძის წინააღმდეგ ჩვენებაც არ არსებობს, არაფერი არ არსებობს ნია იმნაძის მიმართ. მტკიცებულებების გარეშე არის პასუხისგებაში მიცემული და თუ ასეთი ფორმით პასუხისგებაში ადამიანის მიცემა ნიშნავს იმას, რომ ის გაწირულია, რა თქმა უნდა ის გაწირულია," - ამბობს გიორგი ლეკიშვილი.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს.
გამოძიება ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას, ანასტასია ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
მათ 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.