კობახიძემ გარეჯის თემას "დაკვეთილი კამპანია" უწოდა და სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა არ გამორიცხა

10.09.26 13:49
კობახიძემ გარეჯის თემას "დაკვეთილი კამპანია" უწოდა და სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა არ გამორიცხა

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ გარეჯის თემა "დაკვეთილი კამპანიაა"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, პარიზიდან განაცხადა და მისი წინამორბედის "კორუმპირებულობაზე" გააკეთა მინიშნებები. 

კობახიძე კამპანიის შესაძლო დამკვეთს არ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამ მიმართულებით სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგას. 

აშკარად იკვეთება შეკვეთილი, დაკვეთილი კამპანიის ნიშნები, ეს კამპანიები არის მთლიანად სიყალბეზე აგებული, მათ შორის კამპანია, რომელიც უკავშირდება გარეჯის საკითხს. ყველას ძალიან კარგად ესმის, ვინც ოდნავ მაინც არის ჩახედული ასეთ საკითხებში, რომ ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭირვალედ და თან მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობის ყველა აქტი არის გაუმჭირვალე, ყველა აქტი ქვეყნდება. მიუხედავად ამისა, კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტულმა მედიასაშუალებამ სცადა კამპანიის აგორება ასეთ თემასთან დაკავშირებით, რაც დავამატებ, რომ არის სახელმწიფოებრივად ძალიან მგრძნობიარე. შესაბამისად ეს ყველაფერი მეტყველებს ამ კამპანიის დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ჩვენ ქვეყანაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს მსგავსი კამპანიების დამკვეთად,კობახიძემ თქვა, რომ კონკრეტული ფაქტი არ აქვს, თუმცა ვინ მისცა მედიაში ორგანიზებულ ამ კამპანიას შემდეგ პოლიტიკური ელფერი, „ეს ყველამ კარგად დაინახა“.

რადგან მე კონკრეტული ფაქტი არ მაქვს, ასეთი ფაქტები შეიძლება ჰქონდეს სამართალდამცავ უწყებებს, მე შეიძლება, უბრალოდ ვარაუდებით ვისაუბრო და ვინ მისცა მედიაში ორგანიზებულ ამ კამპანიას შემდეგ პოლიტიკური ელფერი და ვინ გამოიყენა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა. დანარჩენი, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. ყველაზე მარტივია ლოგიკურად მსჯელობა და ამის საფუძველზე დასკვნების გამოტანა.

ზოგადად, იმდენად მგრძნობიარე საკითხს ეხება ეს კამპანია, რომ შეიძლება ამას თავისუფლად მიეცეს სამართლებრივი განვითარება, თუმცა ეს ყველაფერი შესაბამისი ორგანოებისა და უწყებების გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, "ოცნების" ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილ დღეს ისევ დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ "გუნდის ყოფილი ლიდერი კოფუფციაში იყო გახვეული": 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო უამრავი პრობლემა და ამ პრობლემებს ვერავინ ვერ გადაფარავს ყალბი კამპანიებით, იყო სერიოზული პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმის გამო, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში."- დასძინა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები