ირანულ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით აშშ-ს სანქციებს დავიცავთ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ ქართული მხარე სანქციების რეჟიმის სრული დაცვით იმოქმედებს - როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების დაშვების პროცესში საქართველო ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის სტანდარტებითა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით.
საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას. ეს ეხება საავიაციო სექტორსაც.
საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების დაშვების პროცესში საქართველო ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებითა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით.
საქართველო ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს.
ამასთან, მგზავრთა, ადგილობრივი საავიაციო ბაზრისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წლებია, დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით (Specially Designated Nationals and Blocked Persons list ("SDN List") და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა სასანქციო ნუსხით. შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ადრეც შეზღუდული ჰქონდა რამდენიმე ავიაკომპანიის ოპერირება.
საქართველო მომავალშიც ზედმიწევნით უზრუნველყოფს საერთაშორისო მოთხოვნების დაცვასა და გააგრძელებს აღნიშნული მექანიზმებით ხელმძღვანელობას. შესაბამისად, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია Economic Outcast-ის ფარგლებში სანქციები დაუწესა ირანის ყველა ავიაკომპანიას. მათ შორის არიან ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ.