ლოტკინის დასახლებაში მოკლული მოზარდის ვინაობა ცნობილია
"პირველების" ინფორმაციით, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მოკლული არასრულწლოვანი, 17 წლის დათო ნარიმანიძეა.
სისხლინი დაპირისპირება მოზარდებს შორის ერთ-ერთ "დრაივთან" გვიან ღამით მოხდა.
წყაროს მიერ "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვნების ჯგუფი ე.წ. სამწვადეში დაბადების დღეს აღნიშნავდა, როცა სადღეგრძელოს თქმის დროს, ფეხზე არ წამოდგომის გამო დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა და მკვლელობით დასრულდა.
ჩვენთვის მოწოდებული ცნობებით, ადგილზე ათამდე პირი იმყოფებოდა.
ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებული, ასევე არასრულწლოვანი ბიჭი ადგილიდან მიიმალა. სისხლისგან დაცლილი დავით ნარიმანიძე კი მომხდარიდან რამდენიმე საათში, გამთენიისას პოლიციამ იპოვა. მამამ კი მისი შვილი ამოიცნო.
მომხდარ ფაქტზე, მკვლელობის ბრალდებით არასულწლოვანი რამდენიმე საათის წინ დაკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ამავე საქმეზე შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებული იყი სამი პირი, თუმცა სამივე მათგანი დიღმის სამმართველოში გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.