თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას აგრძელებს - უარს აცხადებს ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე "დაზარალებულებთან"

10.09.26 17:19
თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას აგრძელებს - უარს აცხადებს ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე "დაზარალებულებთან"

დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას აგრძელებს. ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს

უფლებადამცველმა თამაზ ელიზბარაშვილი გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მოინახულა. მისი ინფორმაციით, ბიზნესმენი უარს აცხადებს ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე "დაზარალებულებთან".

ცოტა ხნის წინ დავტოვე გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება, სადაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი; 

პირველ რიგში მსურს საზოგადოებას ვამცნო, რომ პატიმრობაში მყოფი თამაზ ელიზბარაშვილი თავს გრძნობს მხნედ, არის საბრძოლო განწყობაზე და მთხოვა საზოგადოებისთვის გადმომეცა გულწრფელი მადლობა იმ სოლიდარობისთვის, რომელიც მისი დაკავების მომენტიდან დღემდე გრძელდება; ბატონმა თამაზმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა თავისუფალი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებთ მასთან დაკავშირებული პროცესის ობიექტურად გაშუქებისთვის;

თამაზ ელიზბარაშვილმა მთხოვა კონკრეტული გზავნილები გამეცნო ფართო საზოგადოებისთვის:

  1. კატეგორიულად და პრინციპულად აცხადებს უარს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით გათავისუფლებაზე (არ ითხოვს მოწყალებას);
  2. უარს აცხადებს, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე ,,დაზარალებულებთან’’ და თვლის, რომ მათ აქამდე ჰქონდათ შანსი გამოესწორებინათ საკუთარი გაუმართლებელი საქციელი, თუმცა ეს არ გააკეთეს; 
  3. თვლის, რომ მას პროვოკაცია მოუწყო დასაქნცირებულმა ტელეკომპანია ,,იმედმა’’ და რუსულმა აგენტურამ საქართველოში; 
  4. აგრძელებს შიმშილობას, რათა ამ გზით ამხილოს რუსული გავლენა (აგენტურა) სახელმწიფო ინსტიტუციებში;
  5. თვლის, რომ არ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის მინიმალური საფუძველიც კი," - წერს უფლებადამცველი. 

ცნობისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. 

რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?

ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.

ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო. 

  • სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი.  3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.

შაკო კუჭაშვილმა "პირველებთან" თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა,  რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV "იმედზე" მუშაობს.

საქართველოს მთავარამ პროკურატურა  მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა  - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.

უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.  

  • "თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს... [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - წერს უწყება ვიდეოს აღწერაში.

მსგავსი სიახლეები