მასწავლებლის მკვლელობის საქმე - პროკურორი ნია იმნაძის ადვოკატის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრობს

10.09.26 19:26
მასწავლებლის მკვლელობის საქმე - პროკურორი ნია იმნაძის ადვოკატის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრობს

მასწავლებლის მკვლელობის საქმე - პროკურორი ქეთი სონიძე ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატის მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრობს.

როგორც სახელმწიფო მბრალმდებელი ამბობს, იმნაძის ინტერესების დამცველი გიორგი ლეკიშვილი სასამართლო პროცესზე იღებდა სხდომის მიმდინარეობას. ასევე, სასამართლოს ეზოში მოძრაობა ჩამწერი მოწყობილობით ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ, გიორგი ლეკიშვილის კოლეგაა.

"აღნიშნული ქმედებები სავარაუდოდ მიზნად ისახავს, დაზარალებული მხარეზე უკანონო ემოციურ ზემოქმედებას" - ამბობს პროკურორი. 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არაერთ პროვოკაციულ ქმედებას ჰქონდა ადგილი დაცვის მხარის მხრიდან. სხდომის მიმდინარეობის პროცესში თავად მანდატურმა აღმოაჩინა, რომ გიორგი ლეკიშვილი პირდაპირ ეთერში ვიღაცას გადასცემდა, ასმენინებდა დახურული სხდომის მიმდინარეობის შესახებ და ასევე,იღებდა სხდომის მიმდინარეობას. მანდატურმა ამას არაერთხელ მისცა შენიშვნა და სცადა მის ტელეფონში ჩანაწერის განადგურება, თუმცა მან ტელეფონი უკან წაიღო და მანდატურს გადამოწმების შესაძლებლობა არ მისცა. პროვოკაციული ქმედებები დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. ქალბატონი, სავარაუდოდ ბატონი გიორგი კოლეგა, მოძრაობა ჩამწერი მოწყობილობით და ამის შესახებაც მანდატურის სამსახურმა შეგვატყობინა ჩვენც. სხდომა რომ დასრულდა და ვტოვებდით სასამართლოს ეზოს, ამის შემდეგაც აღნიშნული პიროვნება მოძრაობდა ეზოს ტერიტორიაზე და მან მიაძახა ქალბატონ ეკას, რომ იწერდა. სავარაუდოდ ეს გამიზნულია დაზარალებულ მხარეზე უკანონო ემოციური ზემოქმედებისთვის“, - განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა. 

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. 

მათ 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.