რუსული პროპაგანდისტული მედია თორნიკე რაზმაძეზე წერს
ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ეხმიანება.
როგორც გამოცემა წერს, გამოძიება დაიწყო საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც მარგარიტა სიმონიანს აგინა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველომ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღძრა. საქმე მარგარიტა სიმონიანის მისამართით უცენზურო გამონათქვამებს ეხება. ბლოგერს შესაძლოა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისროს", - წერს რუსული გამოცემა.
ცნობისათვის, თორნიკე რაზმაძემ განაცხადა, რომ შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
პროცესი 29 სექტემბერს ჩაინიშნა.