დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაანონსდა

11.09.26 12:37
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაანონსდა

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 12-16 ოქტომბერს ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნების ჩატარება იგეგმება. სწავლების გეგმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაამტკიცა.

 ინფორმაციას გუნბას პრესსმსახური ავრცელებს.

საორგანიზაციო საკითხები გუნბამ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ბესლან ცვიჟბასთან და გენერალური შტაბის უფროსთან ვლადიმირ სავჩენკოსთან განიხილა.

„მასშტაბურ წვრთნებში“ მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის ქვედანაყოფები და რეზერვისტები, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები.

მანევრებში ჩართული იქნება არტილერია, ჯავშანტექნიკა და ავიაცია; დაგეგმილია „საბრძოლო მოქმედებების დროს სამხედრო დაჯგუფებების მართვისა და ჯარების გამოყენების სხვადასხვა მეთოდის დამუშავება“.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალტექნოლოგიური შეიარაღების, მართვის სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებას“, - იუწყება პრესსამსახური.