თორნიკე რაზმაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს: საზოგადოება უკეთესად შეაფასებს, ვინ არის გაუწონასწორებელი
ბლოგერი თორნიკე რაზმაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს - როგორც ის ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საბჭოთა პრაქტიკას ახსენებს, როდესაც ადამიანების ნაწილს ხვრეტდნენ, ნაწილს აციმბირებდნენ, ნაწილს კი აცხადებდნენ ფსიქიკურად გაუწონასწორებლად.
მისი თქმით, საზოგადოება უკეთესად შეაფასებს, ვინ არის გაუწონასწორებელი, ვის ებმება ენა და ვის ეტყობა, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ყური აუწია.
ფსიქიკურად არამდგრადიაო ეს ადამიანი, ზედმეტად ემოციურია და ეტყობა, ვერ არისო. რამეს ხომ რ გახსენებთ ეს ამბავი? მე ძალიან ცხადად მახსენებს მაგალითად საბჭოთა პრაქტიკას, როდესაც ადამიანების ნაწილს ხვრეტდნენ, ნაწილს აციმბირებდნენ, ნაწილს კი აცხადებდნენ ფსიქიკურად გაუწონასწორებლად, და მაშინდელ ტერმინს გამოვიყენებ, საგიჟეთში ამწყვევდნენ. საზოგადოება უკეთესად შეაფასებს ვინ არის გაუწონასწორებელი, ვის ებმება ენა და ვის ეტყობა, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ყური აუწია. რამდენი იფაფხურეს, რამდენი სცადეს, ხან იმის დაბრალება, რომ კობახიძეს აგინაო, მერე იურიდიულად არ გამოდიოდა ეგ ამბავი და ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეგ ბიჭი გიჟიაო. შეიძლება რაღაც კუთხით, ეგრე სჯერათ კიდევაც. ივანიშვილთან ვინც მუშაობს და ემონება ფულის გამო, ვერ წარმოუდგენია, რომ უბრალოდ ასე, არაფერის გამო და მათთვის წარმოუდგენელი მოტივით, რაც ნიშნავს პატრიოტიზმს, რაღაცებს იპრობლემებდე ცხოვრებაში და რაღაცებზე საუბრობდე - ამბოსბ რაზმაძე.
შალვა პაპუაშვილმა თორნიკე რაზმაძეს "ემოციურად დაზიანებული" პიროვნება უწოდა და ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ აქტივისტს და ბლოგერს "ემოციური შეტევები და პანიკები" აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თორნიკე რაზმაძეს სურს, თავი ტანჯულ გმირად წარმოაჩინოს - "რომელიც რუსეთს ხან ცრემლებით ებრძვის, ხან გინებით და მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ ამ ქმედებისთვის დასაჯოს".
პაპუაშვილი ამბობს, რომ თორნიკე რაზმაძისგან "გმირი არ გამოვა".
- ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
- მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.