ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება რუსული, თავხედური ცინიზმია

11.09.26 19:17
ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება რუსული, თავხედური ცინიზმია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გიორგი ბარამიძის დაკავებას "რუსულ, თავხედურ  ცინიზმს" უწოდებს. ჯაფარიძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ენმ-ს დაკავებულ ლიდერს. 

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოს სოციალურ ქსელში წერს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გიორგი ბარამიძე იბრძოდა ამ ქვეყნის ყველა ომში და ის არის ერთ-ერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.

გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და დატოვა რუსეთის წინაშე მეგობრების გარეშე, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ბელარუსის უშიშროებასთან და სრული კარტ-ბლანში მისცა ქვეყანაში ცალკე რუსულ სპეცსამსახურებს და ცალკე პრორუსულ ჯგუფებს, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება, რომელსაც ფარცხალაძე ჰყავდა გენერალურ პროკურორად და დღემდე მხოლოდ მოსკოვიდან აქებენ და ადიდებენ, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი.

90-იანი წლებიდან მოყოლებული, გიორგი ბარამიძე იბრძოდა ამ ქვეყნის ყველა ომში და მიუხედავად ჩვენს შორის შეხედულებების განსხვავებისა არაერთ საკითხთან მიმართებაში, ის არის ერთ-ერთი გამორჩეულად გაბედული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი. არ სჭირდება დამატებით გამხნევება, მაგრამ ჩემი სრული მხარდაჭერა მას და ყველას ვინც დღეს რეჟიმის ტყვეობაშია“,- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე რამდენიმე წუთის წინ დააკავეს პოლიტიკოსის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგადაც ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს. 

ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული.

  • შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

მაშინ გია ბარამიძემ არ გამორიცხა რომ მას დააკავებდნენ.