პროკურორი ადასტურებს, რომ დახურულ სხდომაზე ლილუაშვილს კითხვები ღარიბაშვილზეც დაუსვეს

11.09.26 22:50
პროკურორი ადასტურებს, რომ დახურულ სხდომაზე ლილუაშვილს კითხვები ღარიბაშვილზეც დაუსვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის ცნობით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი დისტანცირდა ყველა იმ მოცემულობიდან, ფაქტიდან, პირისგან, რომელიც საქმეში ფიგურირებს. 

პროკურორი განმარტავს, რომ "ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა 9-თვიანი დუმილის შემდეგ ყველა გარემოება უარყო. 

არ იყო განსხვავებული ჩემი მოლოდინისგან დღეს მოცემული ინფორმაცია ბრალდებულის მხრიდან. ბრალდებული დისტანცირდა ყველა იმ მოცემულობიდან, ფაქტიდან, პირისგან, რომელიც საქმეშია ფიგურირებს, აბსოლუტურად გამორიცხა მისი ყველანაირი მონაწილეობა თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით და ის ცდილობდა სუს-ის საქმიანობა ყოფილიყო დისტანცირებული იმ საკითხებისგან, რაზეც ჩვენ პროცესების მიმდინარეობისას ზოგადად აქცენტს ვაკეთებდით. ახლა ამ დეტალების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა ის მოლოდინი ზოგადად რაც მქონდა და რაც ანდრეა ლილუაშვილის შემთხვევაშიც მოხდა, დადასტურდა, დღეს ბრალდებულმა უარყო ყველა გარემოება," - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა. 

საქმის პროკურორის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი რომეო მიქაუტაძესთან მიმართებაში შეეცადა "პასუხისმგებლობა სრულად სხვისთვის გადაებრალებინა", თუმცა კონკრეტულად არავინ დაუსახელებია. 

გრიგოლ ლილუაშვილს ჩემს მიერ დაესვა კითხვა, რომ ეს ადამიანი [რომეო მიქაუტაძე] იყო ენერგეტიკის კურატორი მოადგილე მინისტრის, გრიგოლ ლილუაშვილი ამ დროისთვის იყო სუს-ის უფროსი,ბუნებრივია ენერგეტიკა და ეკონომიკა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და ამ კუთხით რაიმე რეაგირება თუ მოახდინა და მან განმარტა, რომ არა, მსგავსი რამ არ გაუკეთებია და შეეცადა, რომ პასუხისმგებლობა სრულად სხვისთვის გადაებრალებინა, თუმცა კონკრეტული არავინ დაუსახელებია. ასევე, ჩემს მიერ ზუსტად ეს კითხვა დაესვა, რომ სიუჟეტებზე ჰქონდა აქცენტი, მათ შორის სიუჟეტები გავიდაო, არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობდნენო და მე მას, როგორც სუსი-ის ყოფილ უფროსს ვკითხე - მისთვის რამდენად მისაღებია ზოგადად სიუჟეტებში გასული ინფორმაციის აბსოლიტურ სისწორეს რამდენად ეთანხმება იმიტომ, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებითაც გასულა სხვადასხვა სახის სიუჟეტები. ამაზე ცალსახა პასუხი, ბუნებრივია, ვერ მივიღე იმიტომ, რომ ამას ვერც დამიდასტურებდა ის და მათი სტრატეგიიდან გამომდინარე ვერც უარყოფდა," - ამბობს პროკურორი. 

მარიამ ბერძენიშვილის ცნობით, სასამართლო პროცესის დროს გაჟღერდა ირაკლი ღარიბაშვილი სახელი და გვარიც, თუმცა გრიგოლ ლილუაშვილმა ზოგადად დაადასტურა, რომ საერთოდ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები იმართებოდა სხვა მაღალჩინოსნებთან და ეს არ მიემართებოდა კონკრეტულ დანაშაულს, ან ფაქტს. 

ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა, უბრალოდ გაჟღერდა აქ ის მოცემულობა, რომ ის პარლამენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული, თუმცა ჩემს მიერ კითხვა დაისვა, რომ ბუნებრივია სუს-ის ხელმძღვანელი, ჩემი გადმოსახედიდან, კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს პრემიერ-მინისტრთან და სხვადასხვა სტრატეგიულ სამინისტროების ხელმძღვანელებთან და ამ კუთხით და ამ ჭრილში დაესვა მას კითხვები და რა თქმა უნდა, დაადასტურეს ზოგადად, რომ საერთოდ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ზოგადად იმართებოდა. ეს არ მიემართებოდა კონკრეტულ დანაშაულს, ან ფაქტს, აქ იყო ზოგადად მისი ხედვა.

საქმეში არსებული გარემოებებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით მე ზოგადად რომელიმე პირთან მიმართებით რომ გავაჟღერო, რომ მას შესაძლოა ინფორმაცია ჰქონდა, მე ხომ საქმეში ამ ეტაპზე არსებული გარემოებებით უნდა ვიმსჯელო, ასეთი მოცემულობა არ მაქვს ამ ეტაპზე. იმ ფორმით, რომ რაიმე ფორმით ირაკლი ღარიბაშვილს შესაძლოა ამ საქმესთან შეხება ყოფილიყო, ამ კუთხით ნამდვილად არ გაჟღერებულა," - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა. 

ამასთან, პროკურორმა განმარტა, რომ რომეო მიქაუტაძეს მისი ინფორმაციით საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი ჩვენების მიცემამდეც ჰქონდა. 

რომეო მიქაუტაძეს მისჯილი აქვს გარკვეული წლები და შესაძლოა ჰქონდეს სურვილი იმისა, რომ მას საპროცესო გაუფორმდეს და მე რამდენადაც ვიცი, ამას ჩვენების მიცემამდეც, პირველი ინსტანციის სასამართლოშიც აჟღერებდა, თუმცა აპელირებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის პირები ინფორმაციას გვაწვდიან მარტო იმის გამო, რომ ადვოკატის ტერმინოლოგიას გამოვიყენებ, გადაირჩინონ თავი, ეს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე არ გამომდინარეობს იმიტომ, რომ ჩვენი ერთი და ორი პირის მოწოდებულ ინფორმაციას, როდესაც პირის ბრალეულობაზე ვმსჯელობთ, არ ვეყრდნობით და ის რომ პირს შესაძლოა თავის გადარჩენა სურდეს და ცრუ ინფორმაცია მოგვაწოდოს, ამაზე დაყრდნობით, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვმსჯელობთ და სხვა გარემოებებთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს. ამ საქმეში არ არსი მხოლოდ მოწმეთა მოწოდებული ინფორმაცია," - ამბობს მარიამ ბერძენიშვილი. 

სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს -  ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:

რას ედავებიან ლილუაშვილს?

  • ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
  • 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
  • პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით,  ბაღების შესყიდვებიდან  „ატკატებს“ იღებდა.