ამ აკრძალვით მედია ძალიან იზარალებს - ,,ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე
პრემიერის ინიციატივა სარეკლამო ბაზარს თავდაყირა დააყენებს - მედია შემოსავლებს დაკარგავს. მომავალ წელს შესაძლოა, მედია ორგანიზაციების ნაწილს ოპერირების სერიოზული პრობლემა დაუდგეს.
პოპულიზმი და შეტევა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ- უმწვავესია მედია მენეჯერების შეფასებები. ისინი ფიქრობენ, რომ ხალხზე ზრუნვით შემუშავებული ინიციატივის უკან კრიტიკული ტელევიზიების გაჩუმების მცდელობა იკითხება.
რეგულაციების გამკაცრების ნაცვლად ამ აკრძალვების დაწესება არ მჯერა, რომ კარგ შედეგს მოუტანს ქართველ მომხმარებელს. სატელევიზიო სფერო ხომ საერთოდ, ძალიან იზარალებს. აქ ძალიან დიდ დანაკარგებზეა საუბარი - აცხადებს ,,ტვ პირველის"აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე.
,,ფორმულა" დირექტორი, ზუკა გუმბარიძე, ითხოვს, პროცესებში მარეგულირებელი კომისია ჩაერთოს.
სინამდვილეში ეს რეგულაცია არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. ეს ტყუილი და პოპულიზმია, თითქოს ღარიბაშვილი რაღაც პრობლემას აგვარებს. მისი მიზანი არის კრიტიკული მედიის შევიწროება. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩაერთოს მარეგულირებელი, რომელიც წესით, უნდა იცავდეს მისი რეგულაციის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების ინტერესებს - ამბობს ზუკა გუმბარიძე.
ღარიბაშვილის ახალი აკრძალვის ფონზე მედიამენეჯერები მიესალმებიან ,,ლელოს" ინიციატივას, მედიისთვის 3 წლით გადასახადების შემცირების თაობაზე.