"ინანიებს, ნანობს და განიცდის" - დაკავებული არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭის მკვლელობას აღიარებს
დაკავებული არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭის მკვლელობას აღიარებს - ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსოწრების ფიგურანტი, ადვოკატის თქმით, ჩადენილს "ნანონს და ინანიებს".
როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი ძიძიგურმა მედიასთან განაცხადა, დაკავებული ძალიან განიცდის და "შოკურ მდგომარეობაშია".
ირკვევა, რომდაკავებული მე-12 კლასში იმყოფება, ინგლისში სწავლა მიატოვა და ბებიასთან საქართველოში ჩამოვიდა.
საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას აღიარებს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას დავეთანხმეთ. ინანიებს, ნანობს მომხდარს, ძალიან განიცდის და შოკირებულ მდგომარეობაშია. ის ნამდვილად გულწრფელად ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. რაც შეეხება მომხდარს, აღნიშნულზე ბრალდებული ჩვენთან არ საუბრობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაზარალებულს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, რამდენიმე საათის განმავლობაში ეგდო და არავინ ეხმარებოდა, ცრუ ინფორმაციაა, ვინაიდან აღნიშნული ქმედება წამებში მოხდა, მალევე მივიდა პოლიციაც, დარეკილი იყო 112-ში და სასწრაფო დახმარებაც მალე მივიდა, თუმცა, შედეგი დადგა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს ქვეშ იმყოფება, რამდენადაც ვიცი, ქურდობასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნულ საქმეში მე ადვოკატი არ ვყოფილვარ.
ბრალდებული ჩვენთან კომუნიკაციაში ფაქტობრივად არ შემოდის. თავის დროზე, ინგლისში იყო სასწავლებლად წასული, ამჟამად მე-12 კლასში იმყოფება, თუმცა, ინგლისში სწავლა რატომ არ გააგრძელა ვერ გეტყვით, ჩამოვიდა და ბებიასთან იზრდებოდა. დედა საზღვარგარეთაა, ბებიასთან იზრდებოდა, ბებია მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავისი შვილიშვილი ეკონტროლებინა და სწორ გზაზე დამდგარიყო, ბებიას რაც შეეძლო, მაქსიმალურად კარგს უკეთებდა“, - განაცხადა ძიძიგურმა.
სისხლიანი ანგარიშსწორება ხუდადოვის ქუჩაზე - 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა.
მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს მოხდა - გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.