მედიკოსები მაია კოხტაშვილის საქმეს სახიფათო პრეცედენტად აფასებენ - კომენტარები
მედიკოსები განგაშის სიგნალს რთავენ და ხელისუფლებას მაია კოხტაშვილის საქმის შემდეგ ექიმების წინააღმდეგ, მათი შეფასებით, მანიპულაციებზე აგებული კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ექიმს არ უნდა ეშინოდეს პაციენტის დახმარების, მათ შორის ტკივილის შესამსუბუქებლად საჭირო მედიკამენტის გამოწერის.
„პირველებთან“ ინტერვიუში მედიკოსები კოხტაშვილის საქმეს განსაკუთრებით სახიფათო პრეცედენტად აფასებენ. მათი მტკიცებით, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ დანაშაულთან ბრძოლის ნაცვლად თავად შექმნა დანაშაულის ჩადენის გარემო და შესაძლო სამართალდარღვევა პროვოკაციის გზით გამოიწვია.
რა თქმა უნდა, სამედიცინო სფეროში მსგავსი საკითხის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი და რთულია სამედიცინო საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს ემსახურება, რეალურად, ექიმის დაშინებას და მისი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ვალდებულება არა მხოლოდ კაბინეტში, კაბინეტის გარეთაც არის პაციენტის დახმარება. და მაშინ, როდესაც სჭირდება პაციენტს დახმარება, იქ უკვე ზედმეტია სუაბარი რაიმე ტიპის გადაცდომაზე ან დანაშაულზე. ამიტომ, სრულად გადასახედია კანონმდებლობა და გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს იყო სპეციალურად დადგმული სცენარი, რაც ყოვლად დაუშვებელია, იმიტომ, რომ ესეც ერთ-ერთი ხელისშეშლაა ექიმის სპეციალობის, - ამბობს ლაშა უჩავა.
პედიატრი ნინო შენგელია კოხტაშვილის ქმედებაში დანაშაულს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ექიმის პირდაპირი მოვალეობა გასაჭირში მყოფი ადამიანის დახმარებაა. მისი შეფასებით, პრობლემაა არა პაციენტისთვის გაწეული დახმარება, არამედ ის, რომ ექიმის წინააღმდეგ მსგავსი პროვოკაცია დაიგეგმა.
ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ ადამიანს. გასაჭირში უნდა დაეხმარო. დაეხმარა იმან, გააკეთა თავისი საქმე. ქალბატონ მაიას ვიცნობ ძალიან კარგად, შესანიშნავი ადამიანია და არ ვიცი, რატომ შეიძლება,დ ასჭირდეს ადამიანს... ჩემი აზრით, დანაშაულებრივი ქმედებაა ამის გაკეთება, - ამბობს პედიატრი ნინო შენგელია.
კიდევ უფრო მკაცრია გიორგი ლომინაძის შეფასება - პათომორფოლოგი თავად რეცეპტების სისტემის აუცილებლობას აყენებს ეჭვქვეშ. მისი თქმით, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება, პაციენტსა და მედიკამენტის მიმწოდებელს შორის ნებაყოფლობით ურთიერთობაში ჩაერიოს და მსგავსი ქმედება დასჯადი გახადოს.
მთლიანად ეგ ქეისი არის, ჩემი აზრით, ამოვარდნილი ლოგიკიდან. რეცეპტის გარეშე რაღაცა პრეპარატის გაცემა დანაშაულია კი არა, საერთოდ, რეცეპტები არ უნდა არსებობდეს, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ წამლის ყიდვა-გაყიდვა არის ნებაყოფლობითი პროცესი. ნებაყოფლობითი პროცესები არ უნდა იყოს დასჯადი, შესაბამისად, ამ მთავრობას არაფერი ესაქმება პაციენტსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ჩაეკვეხოს და აკრძალოს ეს ნებაყოფლობითი ქმედება, - ამბობს ექიმი პათომორფოლოგი გიორგი ლომინაძე.
ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი ფატი ძოწენიძე კი საკითხის სამედიცინო მხარეზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, საუბარია მედიკამენტზე, რომელიც ძლიერი ნეიროპათიური ტკივილის სამართავადაც გამოიყენება და ზოგ შემთხვევაში პაციენტისთვის მისი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ეს მედიკამენტი არის გულყრის საწინააღმდეგო, ანტიკონისიური მედიკამენტი, მაგრამ ის აქტიურად გამოიყენება არა მარტო გულყრის საწინააღმდეგოდ, არამედ ძალიან პოტენციური ტკივილგამაყუჩებელია, განსაკუთრებით ნეიროპათიური ტკივილების დროს. მოგეხსენებათ, ნეიროპათიური ტკივილი ეს არის ძალიან უსიამოვნო შეგრძნება წვის, ელექტროშოკის, გაუკუღმართებული მგრძნობელობაა, რამაც შეიძლება, პაციენტი მიაჯაჭვოს საწოლს თუ სავარძელს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ტკივილის ადეკვატური მართვა და ის მედიკამენტები, რომლებიც ხშირად რეცეპტის გარეშე გაიცემა, მათ არ აქვთ ის პოტენცია, რომ გააყუჩონ ასეთი ტიპის ტკივილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს. თუ ვიცით, რომ პაციენტი იტანჯება ტკივილისგან და მას არ შეუძლია თავად ექიმთან მისვლა, რა თქმა უნდა, ეს ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, მითუმეტეს ხშირად სოფელში ტრანსპორტის საშუალებაც კი არ აქვს პაციენტს, - ამბობს ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი ფატი ძოწენიძე.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც გამ,ოძიება ბრალად ყალბი რეცეპტის გაცემას ედავება, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა.
დაკავებულ ექიმს ფინანსურმა პოლიციამ ხელბორკილები მოქალაქეის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს, საპატიმრო გირაოს თანხა, 50 ათასი ლარი მოქალაქეებმა შეუგროვეს.
რას ედავება გამოძიება მაია კოხტაშვილს:
- ფინანსური პოლიციის მტკიცებით, კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.