დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც 9 ავტომობილი, სილამაზის სალონი გაქურდა და 1 მანქანა მოიპარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ახალციხეში 9 ავტომობილი და სილამაზის სალონი გაქურდა, ხოლო ერთ სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ავტომობილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.