ამოღებულია 8 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ათეულობით საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები - დაკავებულია 5 პირი

17.09.26 13:16
ამოღებულია 8 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ათეულობით საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, შიდა ქართლის,  სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების  ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის ბრალდებულების ავტომობილების,  პირადი და  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი  პისტოლეტი, ათეულობით საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4  ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.