საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზარდა

19.09.26 11:12
საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზარდა

საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზარდა - მხოლოდ ციციშვილის კლინიკაში, გუშინ საღამოს დამატებით ოთხი პაციენტი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველს" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

"პირველების" ინფორმაციით, პაციენტების რაოდენობა მომატებულია იაშვილის კლინიკაშიც - ჩვენ ახლა ამ ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებას კლინიკისგან ველოდებით. 

ყველას ანალოგიური სიმპტომი აქვს - მოზარდებს აწუხებთ პირღებინება, მუცლის ტკივილი და მაღალი სიცხე.

გუშინ დღის მეორე ნახევარში სამი პაციენტი დაემატა ჩვენს 14 პაციენტს. ამ ეტაპზე 17 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას კლინიკაში და სადღაც 5 პაციენტი ამ დილის მონაცემებით გაეწერა ბინაზე. დანარჩენები ჯერ-ჯერობით გააგრძელებენ მკურნალობას. მდგომარეობა გაუმჯობესებულია, უბრალოდ ელექსტროლიტების და სითხის შევსება მიმდინარეობს ამ ბავშვების. ჩივილები იყო გასტრო-ენტერიტის მოვლენები, ღებინება-დიარეით, ზოგს დიარეა შემდეგ დაეწყო, თუმცა ყველგან იყო წამყვანი სიმპტომი ღებინება, ანუ გასტრო-ენტერიტი ჰქონდათ ბავშვებს", - აცხადებს მაია ჩხაიძე. 

უკვე ორი დღეა ბაღებში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ ჯერ საზოგადოებისთვის ისევ არ არის ცნობილი - რამ მოწამლა ბავშვები და ვინ არის პასუხისმგებელი.  

ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით გუშინ შემდეგი ბაღები დაიკეტა: 

  • 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულ გამოძიებას , გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.