სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა 21-ე სკოლაზე 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა 15-ში სასწავლო პროცესი მაინც გახსნეს

19.09.26 11:33
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა 21-ე სკოლაზე 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა 15-ში სასწავლო პროცესი მაინც გახსნეს

ცნობილია, რა ჩაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  21-ე საჯარო სკოლაზე გაცემულ დასკვნაში - დოკუმენტი "პირველებმა" მოიპოვა.

დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სკოლის შემოწმება  2025 წლის სექტემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოითხოვა,  სამხარაულის ექსპერტები კი ადგილზე გასული წლის დეკემბერში მივიდნენ.

  • მუნიციპალური განვითარების ფონდი სამხარაულს სთხოვდა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეეფასებინათ 21-ე საჯარო სკოლის შენობების ტექნიკური მდგომარეობა მიმდინარე პერიოდისთვის, შენობების სეისმური მდგრადობა და რენტაბელურია თუ არა არსებული სკოლის შენობების რეაბილიტაცია.

ამის შემდეგ დაიწყეს დასკვნის მომზადება, რომელიც საბოლოოდ 10 სექტემბერს გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს მაინც გახსნეს, 18-ში კი დახურეს. 

დასკვნა, რომელიც 9 თვე იწერებოდა, სულ 9 გვერდიანია და მას ხელს აწერს მხოლოდ ერთი ექსპერტი, მუშაობის 2 წლიანი სტაჟით.

დასკვნაში წერია, რომ 21-ე საჯარო სკოლის შენობას ვარგისიანობის IV კატეგორია კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე მიენიჭა.

ქალაქ თბილისში, პეტრიაშვილის ქ. N7-ში (ს/კ 01.15.02.002.024) მდებარე ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლის შენობის
ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. არსებული დაზიანებების ინტენსიურობიდა და შენობის
კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდაწ გამომდიწარე შენობა მიეკუთვნება IV კატეგორიით განსაზღვრული
ვარგისიანობის ჯგუფს, ამიტომ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდირებულია სათანადო
სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე მონდეს სკოლის შენობის სრული დემონტაჟი".-წერია დასკვნაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მშობლების ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება მათ სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს.

მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის, ყოფილი მე-6, ე.წ. „გერმანული სკოლის“ შენობა ავარიულად გამოცხადდა და, როგორც მათ ადმინისტრაციამ აცნობა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს.

ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მათ დაჰპირდა, რომ შემდგომი სასწავლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.

 

მსგავსი სიახლეები