არჩევნების მეორე დღე რუსეთში - როგორია ამომრჩეველთა აქტივობა?

19.09.26 11:44
არჩევნების მეორე დღე რუსეთში - როგორია ამომრჩეველთა აქტივობა?

არჩევნების მეორე დღე რუსეთში - რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების პირველ დღეს ამომრჩეველთა აქტივობამ 29.66% შეადგინა. 

ასევე, ცესკოს ცნობით, არჩევნების პირველ დღეს მოსკოვში ხმა 2.3 მილიონმა ადამიანმა მისცა.

კენჭისყრაში მონაწილეობს 10 პარტია: პუტინის პარტიად წოდებული „ედინაია როსია“(ერთიანი რუსეთი), კომუნისტური პარტია, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, „ახალი ხალხი“ და „სამართლიანი რუსეთი“, რომლებიც წინა, მერვე მოწვევის დუმაშიც წარმოდგენილი იყვნენ და „პენსიონერთა პარტია სოციალური სამართლიანობისთვის“, „რუსეთის კომუნისტები“, „როდინა“(სამშობლო), „მწვანეები“ და „პირდაპირი დემოკრატიის პარტია“.

არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის არცერთი არ წარმოადგენს პუტინის ხელისუფლების რეალურ ოპოზიციას.

18 სექტემბერს რუსეთში დაიწყო სახელმწიფო დუმის არჩევნები, რომელიც სამ დღეს გასტანს და 20 სექტემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის ხელყოფით ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ვადაზე ადრე, აგვისტოს ბოლოდან 17 სექტემბრამდე ჩაატარა უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მსგავსი სიახლეები